Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სააკაშვილის გადაყვანისკენ მრავალპროფილიან კლინიკაში


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე დღეს, 19 ნოემბერს გამოქვეყნებული კომენტარით, უკრაინული მხარე ისევ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილზე სათანადო სამედიცინო მზრუნველობა, კერძოდ, მისი გადაყვანა მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში, გადაუდებელი დახმარების გასაწევად.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლები ელოდებიან შეთანხმებას მათ განაცხადზე, რათა დღეს შეძლონ მიხეილ სააკაშვილის მონახულება, მოქმედებენ ადვოკატებთან და უფლებადამცველებთან ერთად და რეგულარული კავშირი აქვთ ნათესავებთან. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვას და უკრაინაში მის დაბრუნებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებისკენ მოუწოდა 8 ნოემბერსაც, როცა სააკაშვილი რუსთავის საპატიმროდან გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ ნოტაში კიევი იმედგაცრუებას გამოხატავდა იმის გამო, რომ უკრაინული მხარე არ იყო ინფორმირებული მიხეილ სააკაშვილის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის შესახებ.

18 ნოემბერს საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის დაწესებულებაში, ადვოკატებთან შეხვედრისას გონება დაკარგა. ექიმების მიერ გაწეული სამედიცინო დახმარების შემდეგ, ის გადაიყვანეს რეანიმაციულ პალატაში.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობა აქვს გამოცხადებული. ის ამჟამად იმყოფება გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ მე-18 დაწესებულებას აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა, მედიცინის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც 16 ნოემბერს გაეცნო მე-18 დაწესებულების შესაძლებლობებს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, 17 ნოემბერს გამოაქვეყნა დასკვნა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს "ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს".

მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად გადაყვანაა სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციაც. კონსილიუმის და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის ექსპერტები, 18 ნოემბერს, ღამით შეხვდნენ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.

XS
SM
MD
LG