პოლონეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მიგრანტთა მცირე ჯგუფები წუხელ კვლავ შეეცადნენ ბელარუსის მხრიდან საზღვრის დარღვევას მას შემდეგ, რაც ბელარუსმა სამართალდამცველებმა გუშინ აიღეს საზღვრის პირას მოწყობილი რამდენიმე ბანაკი და უკან ერაყში გაამგზავრეს რამდენიმე ასეული მიგრანტი.
პოლონეთის სასაზღვრო უწყების ცნობით, 18 ნოემბერს მიგრანტები 255-ჯერ შეეცადნენ საზღვრის უკანონო გადალახვას, რაც ორჯერ ნაკლებია წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით. „ორი ჯგუფი შეეცადა საზღვრის გადმოლახვას. ერთ ჯგუფში 500 უცხოელი იყო, მეორეში - 50. ადამიანები აგრესიულად იყვნენ განწყობილი“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრის უფროსმა, ანნა მიხალსკამ. ამასთან ზოგიერთი მიგრანტი მესაზღვრეების მხარეს კვლავ ისროდა ქვებსა და ბლაგვ საგნებს, რის გამოც ოთხი პოლონელი ჯარისკაცი დაშავდა და საჭირო გახდა მათი საავადმყოფოში გადაყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე დაძაბულობა ოდნავ განიმუხტა, პრობლემის გრძელვადიან მოგვარებაზე ვარშავაში მაინც ნაადრევად მიაჩნიათ საუბარი, რადგან ევროკავშირმა უარი თქვა მინსკის წინადადებაზე, მიიღოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ბელარუსში ჩასული 2000 მიგრანტი, რომლებსაც პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩასვლას სურთ.
18 ნოემბერს ბელარუსის ლიდერის პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა, განაცხადა, რომ ბელარუსში დღეისათვის ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული დაახლოებით 7 000 მიგრანტი იმყოფება. ეისმონტის თქმით, ბელარუსი მზადაა, რომ სამშობლოში გააბრუნოს 5 000 ადამიანი, დანარჩენი 2000 მიგრანტი კი ევროკავშირმა უნდა მიიღოს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს დაამტკიცეს სანქციების მორიგი, მეხუთე პაკეტი ბელარუსის წინააღმდეგ.
როგორც Reuters-ი იტყობინება, ახალი ზომები შემოღებულ იქნა ბელარუსისა და ევროკავშირის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის გამო.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ კრიზისთან დაკავშირებულია ბელარუსის ხელისუფლება, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში მოხვედრაში უწყობს ხელს მიგრანტებს და ყველა პირობას ქმნის, რათა მათ ევროკავშირის საზღვარი გადაკვეთონ საჭირო დოკუმენტების გარეშე.