Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს


თბილისში დაიწყო"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია, რომლის მოთხოვნაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მაღალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმართულებით დაიძრნენ.

"ჩვენი მთავარი ამოცანა ისევე, როგორც ამ ქვეყნის ისტორიული ამოცანა არის, თავიდან ავიცილოთ კატასტროფა. დღეს კატასტროფა არის მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას, პირდაპირი მნიშვნელობით, სიკვდილი. ეს ორი ადამიანი სიკვდილის ზღვარზე იმყოფება", - უთხრა რადიო თავისუფლებას ოპოზიციური გაერთიანების ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ.

ის გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის იმ შეთავაზებასაც, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა, გადავიდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

"ვიტყვი, რომ ფარისეველია რატი ბრეგაძე. როდესაც შეთავაზებას ამბობს, მაშინ, როცა ვნახეთ, რომ გლდანში იმ საპყრობილეში გადაიყვანეს მოტყუებით და ძალით. ჩვენ რაზეც ვალდებულება ავიღეთ, იმას შევასრულებთ. არანაირი აქციები არ იქნება ახლოს, იქ, სადაც სააკაშვილი იქნება გადაყვანილი", - თქვა უგულავამ.

აქციის მონაწილეებს მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ.

"ახლა ჩვენი მეგობრები შესულები არიან მიხეილ სააკაშვილთან. ჩვენ უნდა დაველოდოთ მის პასუხს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი პოზიცია იქნება სწორი და რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მისთვის და მან კარგად იცის, რომ მის სიცოცხლეზეა დამოკიდებული სახელმწიფოს სტაბილურობა. ზუსტად ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ამის შემდეგ, სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ", - თქვა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. დღეს, 19 ნოემბერს სააკაშვილის შიმშილობის 50-ე დღეა. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

აქციის დაწყების პარალელურად ბრიფინგი გაიმართა იუსტიციის სამინისტროში. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზდენტს, მიხეილ სააკაშვილს გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

"ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ.

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში [გლდანში] და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG