Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციონერი 9 დეპუტატი შიმშილობას წყვეტს


"ნაციონალური მოძრაობის" კოალიციაში მყოფი ცხრა ოპოზიციონერი დეპუტატი შიმშილობას წყვეტს. მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა.

"ის მთავარი სანერვიულო და საზრუნავი საკითხი, რომელიც გვქონდა იმიტომ, რომ ეს ეხებოდა ჩვენი პარტიის ლიდერის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ამ ეტაპისთვის გადაწყდა სასიკეთოდ და ვწყვეტთ შიმშილობას", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა აკაკი მინაშვილმა, რომელიც პარლამენტში შიმშილობდა.

მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საქართველოში პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართებოდა. ამავე მოთხოვნით, ელენე ხოშტარიას გარდა, 14 ნოემბრიდან პარლამენტში შიმშილობდა ფრაქციის, "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" 9 დეპუტატი: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი და აბდულა ისმაილოვი.

დღეს, 19 ნოემბერს, როცა სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 50 დღეა გასული, მას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

"ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ.

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში [გლდანში] და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

სააკაშვილი ხელისუფლების შეთავაზებას დათანხმდა. მისმა ადვოკატმა, ნიკა გავრამიამ მედიას უთხრა, რომ ის გორში გადაყვანის შემდეგ შიმშილობას შეწყვეტს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლო რიცხვებში დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

XS
SM
MD
LG