Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აფრთხილებს ევროპელ მოკავშირეებს უკრაინაში რუსეთის სამხედრო განზრახვების შესახებ


რუსეთის არმიის კონცენტრაცია ქალაქ ელნიაში. თანამგზავრის ფოტო, 2021 წლის 1 ნოემბერი
რუსეთის არმიის კონცენტრაცია ქალაქ ელნიაში. თანამგზავრის ფოტო, 2021 წლის 1 ნოემბერი

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები აფრთხილებენ ნატოელ მოკავშირეებს, რომ დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებს სულ ცოტა დრო რჩებათ რუსეთის სამხედრო აგრესიის აღსაკვეთად უკრაინაში. ამის შესახებ New York Times-ი იტყობინება.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა წერს, რომ კრემლში ჯერ არ მიუღიათ რუსეთ-უკრაინის საზღვართან კონცენტრირებული საჯარისო დანაყოფების ამოქმედების გადაწყვეტილება, თუმცა მათი მაღალი რიცხვი და შემადგენლობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს რუსეთის ხელისუფლების განზრახვებთან დაკავშირებით.

აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი პარასკევს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის სამხედრო ძალების ხელმძღვანელს, გენერალ ვალერი ზალუჟნის. საუბრის თემას წარმოადგენდა რეგიონში რუსეთის არმიის „განგაშის გამომწვევი“ აქტიურობა.

New York Times-ის ცნობით, ამერიკული და ბრიტანული სადაზვერვო სამსახურები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი განიხილავს სამხედრო ოპერაციის ჩატარებას ან უკრაინის მეტი ტერიტორიის დაკავების ანდა ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით, რათა ქვეყნის სათავეში პრორუსული ხელისუფლების მოსვლას შეუწყოს ხელი.

ექსპერტების ნაწილის აზრით, პუტინის იმედი შესაძლოა მყარდებოდეს იმაზე, რომ რუსეთის ბუნებრივ აირზე მაღალი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ევროპელები ვერ გადადგამენ გადამწყვეტ ნაბიჯებს რუსეთის პოტენციური სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ.

New York Times-ის თანახმად, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები სთავაზობენ ევროპულ ქვეყნებს შემუშავდეს ერთობლივი გეგმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესაჩერებლად. ამ გეგმის მნიშვნელოვან ნაწილად სანქციები განიხილება.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ვორონეჟის ოლქის ქალაქ პავლოვსკთან ახლოს ბოლო პერიოდში შეინიშნება რუსეთის არმიის დანაყოფები და სამხედრო ტექნიკა, ტანკების, „ჰაუბიცები“ და „ისკანდერის“ რაკეტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG