Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის მხრიდან მიგრანტები კვლავ შეეცადნენ პოლონეთის საზღვრის გარღვევას


ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენელ მიგრანტთა ჯგუფი 19 ნოემბერს კვლავ შეეცადა ევროკავშირში გადასვლას პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის გავლით. პოლონეთის სასაზღვრო უწყების ცნობით, მათ პოლიციის მანქანებს ქვები დაუშინეს.

პოლიციის ცნობით, მიგრანტთა ყველაზე დიდი ჯგუფი ორასი ადამიანისგან შედგებოდა, დანარჩენებში ათეული ადამიანი იყო. ზოგიერთი მათგანი პეტარდებს და ცრემლსადენ გაზსაც იყენებდა, მაგრამ ვერცერთმა ვერ შეძლო საზღვრის გარღვევა და პოლონეთში გადასვლა. შეხლა-შემოხლის შედეგად პოლონეთის მხრიდან არავინ დაშავებულა.

მთლიანობაში, წუხელ მესაზღვრეებმა დააფიქსირეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის 195 შემთხვევა. დაკავებულია ხუთი უსაბუთო მიგრანტი და კიდევ რამდენიმე ეჭვმიტანილი, რომლებიც სხვებს ეხმარებოდნენ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.

2021 წელს ევროკავშირ-ბელარუსის საზღვარზე თავი იჩინა მიგრანტთა კრიზისმა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ხელისუფლება აღარ დააკავებს უდოკუმენტო მიგრანტებსა და ნარკომოვაჭრეებს, რომლებიც ევროკავშირში მიემგზავრებიან.

ევროკავშირი ბელარუსის ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ადანაშაულებს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტების ჩამოყვანასა და ევროკავშირის ქვეყნების - ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის - საზღვართან მათ გადაყვანაში, რაც წარმოადგენს მინსკის მხრიდან შურისძიებას იმ სანქციებისთვის, რომელიც ევროკავშირმა ბელარუსის რეჟიმს დაუწესა 2020 წლის 9 აგვისტოს შემდგომ დაწყებული აქციების ძალის გამოყენებით დაშლისა და მასშტაბური რეპრესიების გამო.

XS
SM
MD
LG