Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ყიფშიძე: მიხეილ სააკაშვილს თავისუფალად მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს


საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი, რომელიც მასთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ, ჯანმრთელობის მრავალმხრივი პრობლემებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

„პრეზიდენტი მადლობას უხდის საავადმყოფოს, ძალიან მოეწონა მისი სტაფი, კომფორტულად გრძნობს თავს; მაგრამ... ჩემი გულწრფელი აზრია, როგორც ექიმის და შეიძლება კოლეგები და საქართველოს მოსახლეობა არ დამეთანხმოს, მაგრამ მე რომ ვწყვეტდე, ასეთ პაციენტს მივცემდი მკურნალობის უფლებას ციხეების გარეთ... მივცემდი თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობას“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ.

მისი განმარტებით, ეს ინიციატივა შეთანხმებული არ არის მიხეილ სააკაშვილთან და შესაძლოა, პაციენტი მას გაუბრაზდეს კიდეც.

ექიმი ფიქრობს, რომ თუკი ექსპრეზიდენტს საკუთარი შეხედულებით შერჩეულ კლინიკაში თავისუფლად მკურნალობის საშუალება არ მიეცემა, ის ციხიდან მუდმივად დასაბრუნებელი იქნება კლინიკაში და „ეს არ დამთავრდება თვეების განმავლობაში“ და „მთელი ქვეყანა უნდა იყოს სტრესის ქვეშ“.

ნიკოლოზ ყიფშიძე ფიქრობს, რომ შიმშილობის შემდგომი მკურნალობის გარდა, პაციენტს აუცილებლად დასჭირდება ფილტვის, თავის ტვინისა თუ ღვიძლის შემდგომი მკურნალობა.

ენმ-ის წარმომადგენლის, გიორგი ჩალაძის თქმით, ექიმ ყიფშიძის მიერ წამოყენებული წინადადება იურიდიულ ჭრილში ნიშნავს "ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებას".

"ეს არის ჩემი პირადი ინტერპრეტაცია... ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა. მიშამ თქვა, რომ მისი სიცოცხლე ქართველი ხალხის ხელშია... ამიტომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა - მას სჭირდება მიშა სააკაშვილის სიკვდილი, თუ მას სჭირდება ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელი და ფეხზე მდგომი", - აცხადებს ჩალაძე, რომელმაც ასევე მოინახულა მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბერს.

მისი განმარტებით, პროცესის ამჟამინდელ კალაპოტში გაგრძელება მესამე პრეზიდენტის "სიკვდილით დასჯის" ტოლფასია.

გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალთან მიმართებით პრეტენზიები არ არსებობს და პრეზიდენტი მათი მადლიერია. თუმცა, მისი მონათხრობის თანახმად, 20 ნოემბერს იყო გარკვეული პრობლემები ბადრაგთან დაკავშირებით: ერთ შემთხვევაში, ბადრაგმა პაციენტს ფანჯრის გამოღება შეუზღუდა, ხოლო მეორე შემთხვევაში - ბადრაგი ესწრებოდა სამედიცინო პროცედურას.

"მე მინდა ვივარაუდო და იმედი მქონდეს, რომ ეს იყო ერთჯერადი გაუგებრობა და უკვე ამოწურულია. მოხდა ამ პრობლემაზე კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან და ეფექტურად გადაიჭრა. თუმცა ეს პრობლემა დღეს შეიქმნა", - განაცხადა ჩალაძემ.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით კი, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს მიმდინარეობდა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის აპარატის გადატვირთვა (update), რის გამოც მისი მოხმარება შეუძლებელი იყო.

50-დღიანი შიმშილობისა და ხელისუფლების ხანგრძლივი უარის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს ღამით გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 18 ნოემბერს, როცა მან გონება ადვოკატების თვალწინ დაკარგა და შემდეგ გლდანის სამკურნალო დაწესებულების ახლად აწყობილ რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. ექიმები აცხადებდნენ, რომ შესაძლებელი იყო მისი სიკვდილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG