Accessibility links

site logo site logo

ალასანია: გაიხსენეთ ხვალ რა დღეა - "ვარდების რევოლუციის" გმირი გისოსებს მიღმა წევს


საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარეობა, კლინიკაში გადაყვანისა და შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, გაუმჯობესებულია. მან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ "ვარდების რევოლუციის" გმირი გისოსებს მიღმა არ უნდა იყოს.

"უკეთესად არის, მაგრამ ზოგადად სუსტად არის. მე რაც დავინახე, უჭირს სიარული, კუნთების პრობლემა აქვს - რეაბილიტაცია დასჭირდება საკმაო დროის განმავლობაში. მედპერსონალით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ზოგადად არ ვარ კმაყოფილი - გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ [23 ნოემბერი] - "ვარდების რევოლუციის" გმირი რომ გისოსების უკან წევს, ეს მე არ მომწონს...

სარკმლებზე არის გისოსები, რაც დამთრგუნველია, მით უმეტეს, რომ გავიხსენოთ რა თარიღია ხვალ", - თქვა ალასანიამ.

ხვალ, 23 ნოემბერს საქართველოში "ვარდების რევოლუციიდან" 18 წელი გადის. 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში რევოლუცია მოხდა, რომელსაც სათავეში მიხეილ სააკაშვილი ედგა. რევოლუციამ ხელისუფლება შეცვალა და სათავეში მოვიდა "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ორი საპარალამენტო ვადით მართავდა ქვეყანას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს სასამართლომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის ეპიზოდზე პატიმრობა მიუსაჯა, ქვეყანაში სექტემბრის ბოლო დღეებში დაბრუნდა. ის პოლიციამ თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავა და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანა.

​სააკაშვილმა, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მისი პირადი ექიმი, ოჯახის წევრები, ადვოკატები და რიგითი მოქალაქეები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ. ხელისუფლება ამბობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანდნენ გლდანის სამედიცინო პენიტენციურ დასებულებაში. ასეც მოიქცა ხელისუფლება 8 ნოემბერს და ის გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოათავსა. 50-დღიანი შიმშილობისა და ხელისუფლების ხანგრძლივი უარის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს ღამით გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG