Accessibility links

site logo site logo

მსახიობ კევინ სპეისის სტუდია MRC-ისთვის 31 მილიონამდე დოლარის გადახდა დაეკისრა


სასამართლომ დაავალდებულა მსახიობი კევინ სპეისი, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ედება ბრალი, დაახლოებით 31 მილიონი დოლარი გადაუხადოს სტუდია Media Rights Capital (MRC) -ს, რომელიც პოპულარული სერიალის, „ბანქოს სახლის“ შექმნაში მონაწილეობდა.

გადაწყვეტილება ჯერ კიდევ შარშან იქნა მიღებული, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ ახლა გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც MRC-ის ადვოკატებმა სარჩელთან დაკავშირებული ქაღალდები შეიტანეს სასამართლოში.

სტუდიამ სარჩელი 2019 წელს გააფორმა და შეეცადა აენაზღაურებინა მილიონობით დოლარი ზარალი, რაც სპეისის გარშემო სკანდალით მიადგა MRC-ს, რომლის იურისტებმა მსახიობს კონტრაქტის დარღვევაზე მიუთითეს.

2017 წლიდან სპეისის მისამართით რამდენიმე ბრალდება გამოითქვა ახალგაზრდა კოლეგების სექსუალური შევიწროების, უხეში კომენტარებისა და ტოქსიკური სამუშაო ატმოსფეროს შექმნასთან დაკავშირებით, რასაც თავად სპეისი უარყოფს. შედეგად, MRC-მ და Netflix-მა კევინ სპეისი ჩამოაშორეს სერიალის მთავარი გმირის, ფრენკ ანდერვუდის როლს. სერიალის მეექვსე სეზონის შექმნა შეწყდა.

შარშან თებერვალში, ღია კარს მიღმა საქმის კონფიდენციალურ გარჩევაზე, ორივე მხარის წარმომადგენლებმა 20-ზე მეტ ადამიანს მოუსმინეს. საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება გასაიდუმლოებული დარჩა.

ორშაბათს MRC-მ ლოს-ანჯელესის უზენაეს სასამართლოს მიმართა თხოვნით, დაადასტუროს შარშან გამართული მოსმენის შედეგები. საბუთებიდან ჩანს, რომ მაშინ გადაწყვეტილება MRC-ის სასარგებლოდ იქნა მიღებული.

კევინ სპეისიმ, რომელიც ამჟამად 62 წლისაა, სკანდალის გამო „ბანქოს სახლში“ როლის დაკარგვის გარდა კიდევ რამდენიმე როლი დაკარგა. ის წელს დაუბრუნდა გადაღებებს, მაგრამ ჯერჯერობით ესაა მცირე როლი იტალიელი რეჟისორის, ფრანკო ნეროს მცირებიუჯეტიან ფილმში.

სპეისი ჰოლივუდში ერთ-ერთი პირველი ცნობილი და გავლენიანი პირია, რომელსაც ამორალურ ქცევასა და შევიწროებაში დასდეს ბრალი მას შემდეგ, რაც დაიწყო სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საზოგადოებრივი კამპანია MeToo („მეც“). ამავე კამპანიის ფარგლებში ბრალდებები წაუყენეს ცნობილ პროდიუსერ ჰარვი უაინსტაინს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG