Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 ნოემბერს სოჭში გაიმართება ვლადიმირ პუტინის, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა


ვლადიმირ პუტინის (ცენტრში), ილჰამ ალიევისა (მარცხნივ) და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მოსკოვში. 2021 წ. 11 იანვარი.
ვლადიმირ პუტინის (ცენტრში), ილჰამ ალიევისა (მარცხნივ) და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მოსკოვში. 2021 წ. 11 იანვარი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოჭში უმასპინძლებს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. ამის შესახებ კრემლმა 23 ნოემბერს გამოაცხადა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკანასკნელ დღეებში განახლებული საბრძოლო მოქმედებების ფონზე.

სოჭის შეხვედრა 26 ნოემბერს გაიმართება. კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგება.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაძაბულია შარშან შემოდგომაზე მხარეებს შორის განახლებული ომის შემდეგ, რომელსაც მინიმუმ 6500 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კონფლიქტი დასრულდა რუსეთის შუამავლობით მიღწეული საზავო შეთანხმებით, რომლის მიხედვით აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა მთიანი ყარაბაღისა და მის გარშემო მდებარე ტერიტორიების ნაწილზე. ეს ტერიტორიები სომხურ ძალებს ჰქონდათ ოკუპირებული. რეგიონში განლაგდა რუსეთის 2000-მდე მშვიდობის დამცველი.

კრემლის დღევანდელი განცხადების თანახმად, სოჭის მოლაპარაკებები შარშან ნოემბერში ხელმოწერილი საზავო შეთანხმების წლისთავს ემთხვევა. კრემლის თქმით, ლიდერები ისაუბრებენ „შემდგომ ნაბიჯებზე რეგიონში სტაბილურობის გასაძლიერებლად და მშვიდობის დასამყარებლად.“

XS
SM
MD
LG