Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილი: "უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა"


მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს საზოგადოებისადმი მიმართვაში, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლაში უპირატესობას ანიჭებს მასობრივ მშვიდობიან აქციებს. ამასთან, სააკაშვილი მისი გათავისუფლების კამპანიაზე სამუშაოდ საინიციატივო ჯგუფის შექმნის იდეით გამოდის.

„სავსებით ნათელია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ქმედითი მეთოდი მასობრივი მშვიდობიანი აქციებია. რაც უფრო გამბედავები და დაუღალავები ვიქნებით, მით უფრო მივუახლოვდებით ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებას, რაც მოიტანს არამხოლოდ ჩემს, არამედ ყველა უკანონოდ დევნილის თავისუფლებას.

რათა გავფანტოთ სუს-ის მიერ ცირკულირებული სპეკულაციები, ასევე მანევრირებისთვის მეტი სივრცე და მთავარ საკითხზე კონცენტრაციის მეტი შესაძლებლობა დავუტოვოთ ოპოზიციურ პარტიებს, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთის მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკური ხაზს და, მეორეს მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას", - ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ პოლიტიკურ მომავალზეც ამახვილებს ყურადღებას.

„შეგახსენებთ, რომ საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში. ჩემი მძევლად აყვანით და ხალხთან ურთიერთობის აკრძალვით, ივანიშვილი, ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩემზე იძიებს შურს, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ახალი, კოალიციური მთავრობის შექმნას ვადამდელი არჩევნების გზით. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.

შემდეგი კვირები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შევძლებთ კონსოლიდაციას, პოლიტიკური მუხტის შენარჩუნებას, მრავალრიცხოვნებას და პრინციპულ და თავგადადებულ ბრძოლას, მივაღწევთ ყველაფერს და გავალთ სამშვიდობოს. ჩაერთეთ ყველანი. ვინც ვერ ახერხებს გამოსვლას, საკვებით დაეხმარეთ დემონსტრანტებს.

ახლა, ნებისმიერ პაუზას, ივანიშვილი გააფორმებს უკან დახევად და დამარცხებად, რაც ფიზიკურად მომაკვდინებელია ჩემთვის და ისტორიულად მომაკვდინებელია ჩვენი სამშობლოსთვის. ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან და აქტიურობა, აქტიურობა და აქტიურობა", - წერს სააკაშვილი.

20 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სააკაშვილი დასთანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG