Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი ვერ ხედავს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების საჭიროებას


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელია. დღეს, 25 ნოემბერს, ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც თბილისში დაესწრო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას, მედიას უთხრა, რომ ქართველ ექიმებს აქვთ მსგავსი პაციენტის მართვის სრული გამოცდილება და ჯანდაცვის სამინისტრომ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული დამატებითი პროტოკოლი.

ჟურნალისტების შეკითხვას, როგორი იქნება ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ ექიმებიც გაიზიარებენ სააკაშვილის ოჯახის წევრების და ადვოკატების მოსაზრებას, რომ საჭიროა მისი მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელება, ტიკარაძემ უპასუხა, რომ პირადად ვერ ხედავს „ვერანაირ საჭიროებას იმისას, რომ პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა“.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებითვე, ექიმების რეკომენდაციები ხშირად არაერთგვაროვანია:

„ასევე, არიან ექიმები, რომლებიც პაციენტის ნახვის გარეშე სვამენ გარკვეულ დიაგნოზებს და იღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებას. ამ პაციენტს ჰყავს რამდენიმე მკურნალი ექიმი, რომელიც უშუალოდ მართავს მას თავის საწოლთან და ჩემთვის გაცილებით უფრო კომპეტენტური იქნება იმ ექიმების შეფასება და რეკომენდაცია, რომელიც უშუალოდ არის ჩართული პროცესში და არა მათი, რომლებსაც ერთხელაც არა ჰყავს პაციენტი ნანახი“.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG