Accessibility links

site logo site logo

მოლდოვა მზადაა გადაუხადოს "გაზპრომს" ბუნებრივი აირის დავალიანების თანხა


25 ნოემბერს მოლდოვის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა საბიუჯეტო ცვლილების პროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს გადაუხადოს ბუნებრივი აირის დავალიანება რუსულ კომპანია "გაზპრომს" და ამით თავიდან აიცილოს ახალი ენერგეტიკული კრიზისი.

კენჭისყრის შედეგად, მთავრობა 1,4 მილიარდ მოლდავურ ლეის (79 მილიონ $-ს) გადაურიცხავს კომპანია "მოლდოვაგაზს", რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომისათვის" დავალიანების დასაფარავად.

22 ნოემბერს "გაზპრომმა" გააფრთხილა კიშინიოვი, რომ 48 საათის განმავლობაში გადაუკეტავდა ბუნებრივი აირის მიწოდებას, თუ არ დაფარავდა წინა მიწოდების სანაცვლოდ დაგროვილ ათეულობით მილიონობით დოლარის დავალიანებას.

მოგვიანებით "გაზპრომმა" 26 ნოემბრამდე გადაუწია კიშინიოვს ვალის გადახდის ვადა.

გასულ თვეში კიშინიოვმა ენერგეტიკულ სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სხვა ქვეყნებიდან დაიწყო ბუნებრივი აირის შეძენა მას შემდეგ, რაც კიშინიოვმა და "გაზპრომის" ხელმძღვანელობამ, ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე არსებული კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ვერ შეძლეს ახალი გრძელვადიანი შეთანხმების დეტალებისა და ფასის თაობაზე შეთანხმების მიღწევა.

მაგრამ 28 ოქტომბერს მოლდოვის ხელისუფლებამ და "გაზპრომმა" შეძლეს გარღვევის მიღწევა და ხელი მოაწერეს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რუსული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის ახალ ფორმულას.

ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ მოსკოვი გაზრდილი ფასით აწვდის ბუნებრივ აირს ევროკავშირის წევრ რუმინეთსა და უკრაინას შორის მოქცეულ მოლდოვას, რათა ზეწოლა მოახდინოს მის პროდასავლელ პრეზიდენტ მაია სანდუზე, რომელმაც არჩევნებში მოსკოვის მეგობარი იგორ დოდონი დაამარცხა.

რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდა წმინდა წყლის კომერციაა, რასაც გლობალური ბაზრის ტენდენცია განაპირობებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG