Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყიფშიძის თქმით, თუ სააკაშვილთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას


ნიკოლოზ ყიფშიძე
ნიკოლოზ ყიფშიძე

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. როგორც ის ამბობს, სააკაშვილთან თუ დეპუტატებს არ შეუშვებენ, ის 26 ნოემბერს დილიდან შეწყვეტს შიმშილობას.

„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მითხრა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან, მასთან თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს. ეს იქნება კატასტროფა. პირდაპირ გეუბნებით, მაშინ თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. მისი სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის“, - თქვა ექიმმა.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ნახულობს უამრავი ექიმი, მაგრამ იმ ადამიანებს, ვისი ნახვაც უნდა და ვისთანაც სურს ლაპარაკი, ის, პრაქტიკულად, ვერ ხედავს.

„ადვოკატი - ადვოკატია, პირადი ექიმი - ექიმია, ოჯახის წევრიც - ოჯახის წევრია, რასაკვირველია, ეს ძალიან კარგია, რომ მათი ნახვის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ურთიერთობა ხომ უნდა ადამიანებთან“, - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

პირადმა ექიმმა ილაპარაკა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც ის აღნიშნავს, 24 ნოემბრის შემდეგ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა. მისი შეფასებით, ჭამის დაწყების პროცესი მიდის ძალიან კარგად. ყიფშიძე ამბობს, რომ აუცილებელია ნევროფსიქოლოგების კონსულტაცია. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ცენტრ „ემპათიის“ ექიმები ვერაფრით მოხვდნენ ჰოსპიტალში. ყიფშიძე იმედს გამოთქვამს, რომ ისინი 26 ნოემბერს მაინც შეძლებენ შესვლას.

"თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი", - აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სააკაშვილი დასთანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG