Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპულ საქართველოს" პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის 10-პუნქტიანი ხედვა აქვს


"ევროპული საქართველოს" ლიდერები გიგა ბოკერია, აკაკი ბობოხიძე, ვახტანგ კალოიანი, გიორგი ნონიაშვილი და ოთო კახიძე საზოგადოებას ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის 10-პუნქტიან გეგმას სთავაზობენ. ამ გეგმაში საუბარია ვადამდელ არჩევნებზე, პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე და ა.შ.

გეგმა ასეთია:

  1. "ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან ოპტიმალური გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნების მიღწევა და ამ არჩევნებში რეჟიმის დამარცხება";
  2. "მცდარი და საზიანოა გზავნილი, რომ არჩევნები გაუქმდა და მხოლოდ არასაარჩევნო გზით მივაღწევთ ცვლილებებს. ეს ამომრჩეველში უიმედობას იწვევს";
  3. "მცდარი, ალოგიკური და საზიანოა გზავნილი, რომ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, კერძოდ, სააკაშვილის გათავისუფლება, არის რეჟიმის დამარცხების წინაპირობა. რეალურად, საქმე პირიქითაა, პოლიტიკური დევნის შეჩერების გზა ივანიშვილის დასუსტებასა და დამარცხებაზე გადის";
  4. "მცდარი და საზიანოა რეჟიმის დასრულების ბოლო ვადების დათქმა და ზოგადად, არარეალისტური მოლოდინების შექმნა. საზოგადოების იმედგაცრუება რეჟიმს კვებავს";
  5. "მცდარი და საზიანოა ოპოზიცია მოქმედებდეს მესიანისტური და ეთნო-რელიგიური პოპულიზმით, მათ შორის, საპატრიარქოს პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მცდელობით. ამ გზით ივანიშვილის რეჟიმთან შეჯიბრი პრინციპულად მიუღებელია და პრაგმატულად კონტრპროდუქტიული";
  6. "ავტორიტარული რეჟიმის იძულებას, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და შემდეგ, ამ არჩევნებში მის დამარცხებას უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა არ ჰყოფნის - ბევრად უფრო დიდი უმრავლესობა სჭირდება. არასაარჩევნო გზით ცვლილებას კი - კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა და მისი მნიშვნელოვანი ნაწილის მზადყოფნა პერმანენტული პროტესტისთვის";
  7. "იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნამ ფართო სახალხო მხარდაჭერა მოიპოვოს და ამავდროულად, დასავლეთისთვის ცხადი გახდეს კრიზისის სერიოზულობა, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს დემოკრატიული პროცესის სიმულაცია არალეგიტიმურ პარლამენტში";
  8. "თუ წლის ბოლომდე პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები არ დაამტკიცა, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს; ამ ნაბიჯის გარეშე, პროტესტი თანმიმდევრული ვერ იქნება. ჩვენთვის, არათანმიმდევრულობა ოპოზიციასთან კოორდინირებულ საპროტესტო მოქმედებებს შეუძლებელს ხდის";
  9. "ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა გაფართოვდეს და მოიცვას ის საკითხებიც, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს მოქალაქეებს, უმართავი პანდემიის და სასიცოცხლო პროდუქტებზე კატასტროფულად გაზრდილი ფასების პირობებში";
  10. "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ოპოზიცია მოქმედებდეს დასავლური ღირებულებებით და დემოკრატიული დღის წესრიგით. ეს გახდება ამ რეჟიმის წინააღმდეგ დასავლეთის წნეხის გაზრდის წინაპირობაც".

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, მათ შორის "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქციები დაიწყო. ამ აქციების მიზანი შედეგებისთვის უნდობლობის გამოცხადება და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილიან კლინიკაში გადაყვანა იყო. სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ოპოზიცია კი აქციების გაგრძელებას აპირებს.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედგებით 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" კანდიდატი გახდა მერი, ოპოზიციამ, კერძოდ კი "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა.

XS
SM
MD
LG