თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიტიკოსი გიგი უგულავა.
ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს გოგა მემანიშვილი, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე. მისი თქმით, გიგი უგულავა დაკავებულია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად ესწრება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
სასამართლოსთან პოლიციის მობილიზებაა. პოლიციასა და მოქალაქეებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.
აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, დავით აღმაშენებლის ხეივანში, საბურთალოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება და სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს: "ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე, განსასჯელის - მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით". შსს-ში აცხადებენ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე - 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში მის მიყვანაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.