Accessibility links

site logo site logo

ზურაბ ზვიადაური 50 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს


მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და მასთან ერთად დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილი, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პატიმრობაში მყოფი ზვიადაურისათვის დაცვის მხარე 50-ათასლარიან, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილისათვის -5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ბრალდების მხარე ორივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა და მოთხოვნას სავარაუდო დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებით ასაბუთებდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, ზურაბ ზვიადაურს, 2021 წლის 18 აგვისტოს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გამოძიება ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება. სამართალდამცავი უწყების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ახმეტის მკვიდრმა ვასილ ცოცხალაშვილმა, იქვე მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ნიკა კენჭოშვილს ესროლა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა. კენჭოშვილის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე დაიღუპნენ, გვერდით მყოფი ზვიად მაისურაძე და ანზორ შარმელაშვილი კი დაიჭრნენ.

პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

ზვიადაურის ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა თავად ზვიადაური და ის ბრალს არ აღიარებს.

შემდგომი სასამართლო პროცესი საქმის არსებითი განხილვით განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG