Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურის განცხადებით, დაუსაბუთებელია ზვიადაურის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება


ზურაბ ზვიადაური
ზურაბ ზვიადაური

თელავის რაიონული სასამართლოს მიერ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის, გირაოთი გათავისუფლებას გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურისთვის მიუღებელი იყო მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილება, ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ.

„საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა. ბრალდების მხარე, სასამართლო პროცესზე სრულიად დასაბუთებულად ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას და აპელირებდა რეალურ საფრთხეებზე, რაც თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავშირებულია ბრალდებულთა მიერ შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენასთან და მოწმეებზე ზემოქმედებასთან. მიუხედავად ამისა, მოსამართლის მიერ ზემოხსენებული გარემოებები არ იქნა მხედველობაში მიღებული, რის გამოც განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 50 000 ლარიანი გირაოთი, ხოლო მეორე ბრალდებულს (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) 5 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა", - აცხადებს პროკურატურა.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და მის მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არ ემსახურება აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას.

პროკურატურა განმარტავს, რომ წინასასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება და ამიტომ მოკლებულია შესაძლებლობას გადაწყვეტილება გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში.

ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, ზურაბ ზვიადაურს, 2021 წლის 18 აგვისტოს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გამოძიება ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება. სამართალდამცავი უწყების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ახმეტის მკვიდრმა ვასილ ცოცხალაშვილმა, იქვე მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ნიკა კენჭოშვილს ესროლა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა. კენჭოშვილის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე დაიღუპნენ, გვერდით მყოფი ზვიად მაისურაძე და ანზორ შარმელაშვილი კი დაიჭრნენ.

პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

ზვიადაურის ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა თავად ზვიადაური და ის ბრალს არ აღიარებს.

შემდგომი სასამართლო პროცესი საქმის არსებითი განხილვით განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG