Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე საარჩევნო ბარიერის დაწევაზე: ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, არ განიხილება და მისი განხილვა დამოკიდებული იქნება "სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე."

"ამ ეტაპზე საერთოდ არ გრძელდება კანონპროექტის განხილვა. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ ამ ცვლილებების მიღების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს.

ის ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5%-იანი ბარიერი, 2024 წლიდან ამოქმედდება ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული სისტემა თავისი 5%-იანი ბარიერით.

რაც შეეხება 2 %-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5 %-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძეს მსგავსი შინაარსის განცხადება სხვა დროსაც აქვს გაკეთებული - 2 ნოემბერს მან თქვა, რომ "არ არსებობს არავითარი ვალდებულება, რომ პარლამენტმა რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მიიღოს."

საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს, შარლ მიშელის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ცვლილებები პარლამენტმა I მოსმენით, 7 სექტემბერს მიიღო.

საქართველოს პარლამენტის მიერ 7 სექტემბერს, პირველი მოსმენით მხარდაჭერილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით:

  • მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი.
  • მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საჯარო კომენტარებში არ გამორიცხეს, რომ საარჩევნო ბარიერი, შესაძლოა, შეიცვალოს და 3% გახდეს.

XS
SM
MD
LG