Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ტერიტორიად აღიარებს


ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ ყირიმი „იურიდიულად“ და „დე ფაქტო“ რუსეთის ტერიტორიას წარმოადგენს. კრემლის ფავორიტ ჟურნალისტ, დიმიტრი კისილიოვთან ინტერვიუში, ლუკაშენკამ აღნიშნა, რომ შეთანხმებულია ვლადიმირ პუტინთან, რომ ეწვევა ნახევარკუნძულს და მოგზაურობის დაწყებას სევასტოპოლიდან აპირებს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, უკრაინის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ 2014 წლის მარტიდან არის ანექსირებული.

2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ყირიმს რუსეთის ტერიტორიად ცნობს მხოლოდ მას შემდეგ, რაც „უკანასკნელი რუსი ოლიგარქი“ არ დაიწყებს ნახევარკუნძულისთვის თავისი პროდუქციის მიწოდებას. მას მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, რომ ყირიმში დასავლეთის სანქციების შიშის გამო, ოფიციალურად არ არიან წარმოდგენილი რუსეთის ფედერალური კომპანიები.

უფრო ადრე ბელარუსის ლიდერი ამბობდა, რომ ანექსირებული ყირიმის აღიარებისგან მას აჩერებდა სანქციების შიში და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოსთან მიღწეული შეთანხმება. მაგრამ ბელარუსსა და უკრაინას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ცნობაზე, ხოლო კიევი შეუერთდა მინსკის მიმართ დაწესებულ სანქციებს.

ლუკაშენკა, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა არ ცნობს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად, აცხადებს, რომ „რეფერენდუმის შემდეგ ყირიმი დე ფაქტო და დე იურე რუსეთის ნაწილია“, - მისი სიტყვები სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ მოჰყავს. ამასთან უცნობია, მოხდება თუ არა ლუკაშენკას ამ გადაწყვეტილების ფორმალიზება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG