Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო რუსეთს აფრთხილებს უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიის შედეგების შესახებ


უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალის ზრდის შესახებ შეშფოთების ფონზე, ნატოელმა მოკავშირეებმა რუსეთი გააფრთხილეს, რომ ის მძიმე საფასურს გადაიხდის ნებისმიერი სახის აგრესიისთვის თავისი მეზობლის წინააღმდეგ, მოსკოვმა კი დასავლურ სამხედრო ალიანსს მოუწოდა არ გადაკვეთოს "წითელი ხაზები".

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი ათი ათასობით სამხედროს და მძიმე შეიარაღებას ინარჩუნებს ორი ქვეყნის საერთო საზღვარზე, მას შემდეგ, რაც დასავლეთ რუსეთში მიმდინარე წელს მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩატარდა - რაც ზრდის შიშებს შესაძლო შეჭრის შესახებ.

რუსეთმა 2014 წლის მარტში უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა და მხარს უჭერს სეპარატისტ მებრძოლებს აღმოსავლეთ უკრაინაში, კვლავაც მიმდინარე კონფლიქტში, რომელსაც 2014 წლის აპრილის შემდეგ ემსხვერპლა 13 200-ზე მეტი ადამიანი. მოსკოვი უარყოფს თავდასხმის გეგმის ქონას და კიევს და მის დასავლელ მხარდამჭერებს ადანაშაულებს დაძაბულობის გაზრდაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 30 ნოემბერს რიგაში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერი ფორმით განახლებას "სერიოზული შედეგები" მოჰყვება. "ძალიან გვაშფოთებს გადაადგილება, რომელსაც უკრაინის საზღვრის გასწვრივ ვხედავთ. ვიცით, რომ რუსეთი ხშირად აერთიანებს ამგვარ ძალისხმევას და რომელიმე ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის გაწეულ შიდა ძალისხმევას. ეს მისი მოქმედების წესია და ჩვენ ამას დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს" - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG