Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების მინისტრი: მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის 70%-ვაქცინირებულია


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას თქვა, რომ მოსწავლეებისთვის სკოლებში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო, მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის ვაქცინაციის მაჩვენებელი კი 70%-ს აღწევს და მზარდია.

მინისტრის თქმით, გუნდს, რომელსაც ის წარმოადგენს, "კარგად აქვს გააზრებული ბავშვის აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა, როგორც ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე უწყვეტი განვითარების წინაპირობა."

მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, რომ მიმდინარეობს სკოლების სამედიცინო კაბინეტით, ექიმისა და ექთნის მომსახურებით უზრუნველყოფა და 2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლაში იქნება როგორც სამედიცინო კაბინეტი, ასევე ექიმი და ექთანი. მინისტრის თქმით, უკვე დამტკიცების ეტაპზეა სკოლის ექიმის სტანდარტი, რაც სკოლის ექიმის ფუნქციებისთვის საგანმანათლებლო კომპონენტის დამატებას გულისხმობს. ამის გარდა, სკოლებში მოქმედებს „ექიმის საათი“, რომლის ფარგლებშიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია, მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე.

"ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში პროცესს ვმართავთ წერტილოვანი შეზღუდვებით და ამ მიდგომის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში ვინარჩუნებთ სტაბილურ ვითარებას და არ გვაქვს შიდა გავრცელების შემთხვევები.

სკოლები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, ზედმიწევნით დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე აუცილებელია პირბადეების ტარება. სამინისტროს წარმომადგენლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრები სკოლებში სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ და ადგილზე ეცნობიან სკოლებში არსებულ მდგომარეობას.

სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირება. ახალი რეგულაციის მიხედვით, 2 დოზით ვაქცინირებული სკოლის პერსონალი ყოველ 14 დღეში ერთხელ PCR მეთოდით იტესტება, ხოლო არასრულად ვაქცინირებული ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით. აღნიშნულ პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს" - თქვა ჩხენკელმა.

საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც პანდემიის გამო ყველაზე ხანგრძლივად იყო დაკეტილი სკოლები და მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში ონლაინ ერთვებოდნენ. სკოლების გახსნამ აჩვენა, რომ სკოლები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმების მიზეზი არ არის - სკოლებში ამ დრომდე არ ტარდება მოსწავლეთა პრევენციული ტესტირება კორონავირუსის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით, როგორც ეს მასწავლებლების შემთხვევაში ხდება.

XS
SM
MD
LG