რუსეთის მიერ ოკუპირებულ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა 1 დეკემბრიდან ზოგიერთი შეზღუდვა გაახანგრძლივა. მაგალითად, 20 დეკემბრამდე იკრძალება ქორწილების და მასობრივი სადღესასწაულო და რელიგიური ღონისძიებების ჩატარება.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე კაფეების და რესტორნების მფლობელებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ აიკრძალოს მასობრივი ზეიმების ჩატარება, შეიზღუდოს ვიზიტორთა რაოდენობა და მხოლოდ ადგილების რაოდენობის 50 პროცენტამდე შეივსოს. ამ ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ი ავრცელებს. ოპერატიული შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სამგლოვიარო რიტუალებზე და გასვენებებზე ასევე მოქალაქეთა შეზღუდული რაოდენობის დაშვებაა რეკომენდებული.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა იკლო, თუმცა პირბადეების ტარების და სოციალური დისტანციის რეჟიმის დაცვა კვლავ შენარჩუნებულია.
დე ფაქტო რესპუბლიკაში სკოლებსა და უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი კლასებსა და აუდიტორიებშიც აღდგა, თუმცა ცხინვალის ოთხ სკოლაში რამდენიმე კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს, ასევე ორ საბავშვო ბაღში რამდენიმე ჯგუფში შეწყდა სააღმზრდელო პროცესი.