Accessibility links

site logo site logo

მიხეილ სააკაშვილი: სასამართლო დარბაზში მომიყვანეს 3 საათით ადრე, მე ვარ პოლიტიკური ლიდერი და არ მაქვს ამდენი დრო


"სასამართლო დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთით დაგვიანებით. ეტყობა, თქვენ ბევრი დრო გაქვთ. არ მაქვს ბევრი დრო. მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, ვარ რეგიონალური პოლიტიკური ლიდერი და მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო. ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის კომედიებზე", - თქვა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. გამოსვლა მან დღევანდელ სხდომაზე მედიის მიმართ მადლობით დაიწყო და თქვა, რომ ცოცხალი რომაა, ჟურნალისტების დამსახურებაა. სააკაშვილის თქმით, ის სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართავს არა სასამართლოს, არამედ საზოგადოებას.

"4 საათით ადრე სადღაც სარდაფში მოყუჩების და კარგად დამწნილების [ნაცვლად], მომიყვანეთ ხოლმე დროზე, როცა არის დრო და ყველა გამოცხადდეს დროზე, რადგან პირველ რიგში, ეს არის საზოგადოების პატივისცემა, იმ საზოგადოების, რომელიც გარეთ არის ახლა, რომელიც მონიტორებთან არის. ამ ხალხს სჭირდება პატივისცემა და არა ასე მოპყრობა. ძალიან შეეჩვია ვიღაცები საქართველოს საზოგადოებასთან აგდებულად მოპყრობას, რომ საქართველოს საზოგადოება ყველაფერს მიიღებს. მე, როგორც ერთ-ერთი წევრი, მართალია, უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ასევე საქართველოს საზოგადოების, არ ვიღებ, რომ 4 საათი სადღაც დამაყუდონ, რაღაც სარდაფში" - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს. პროკურატურა ექსპრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია.

სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას პირველად 29 ნოემბერს დაესწრო. ამ დღეს სასამართლო განიხილავდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG