Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: უკვე არ ვიცი, უნდა ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ


საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მზად არის, რომ სამართლიანმა სასამართლომ გაასამართლოს და არა დღევანდელმა.

„უკვე არ ვიცი, უნდა ვიამაყო, თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ იმიტომ, რომ რაც დარჩა ამ სახელმწიფოდან, კარგად ხედავთ“, - განაცხადა სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას.

ყოფილმა პრეზიდენტმა მიმართა „ძალიან ბევრ ადამიანს“, ვინც პოლიტიკურად არ ეთანხმება, რომ სანამ საკუთარ სამშობლოში „ვლადიმერ პუტინის მძევალია“, როგორ წარმოუდგენიათ, მისი სიმართლის დაცვა.

„ხომ არ ჯობია, რომ თქვენც დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ, რომ მთელი ეს პროცესი არის ფარსი და მთელი ქვეყნის ისტორიული სირცხვილი. ხომ არ ჯობია, რომ ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან ჩემი გამოხსნა, ტყვეობიდან ჩემი გამოხსნა და როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, სადაც აი, ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები იქნებიან, ნამდვილი პროკურორები იქნებიან, მე მზადა ვარ, გაძლევთ პატიოსან სიტყვას, ეხლა მეტი რაღა დავამტკიცო... აქ ჩამოვედი პირდაპირ მგლის ხახაში და ჩავყავი თავი - წარვდგე იმ სასამართლოს წინაშე და დაე, მან გამასამართლოს თუნდაც ერთ წელიწადში, ორ წელიწადში, სამ წელიწადში“, - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

როგორც სააკაშვილმა თქვა, ითხოვს არა იმას, რომ საზოგადოებამ პირდად ის დაიცვას, არამედ იმას, რომ დაგმონ ნებისმიერი ადამიანის წამება, უსამართლო სასამართლო, ღირსების დამცირება და არაადამიანური მოპყრობა არა პრეზიდენტის, არამედ ნებისმიერი რიგითი ქართველის მიმართ:

„მე მგონია, რომ კეთილსინდისიერი და სამართლიანი იქნება ყველაფერ იმაზე საუბარი, რასაც დღეს ახლა მთხოვთ მე - აღიარებებს, ბოდიშებს - ყველანი ერთად თუ დაველოდებით ჩემ გათავისუფლებას აი, ამ მახინჯი სისტემის ტყვეობიდან, რომლის ერთადერთი ფუნქციაა, რომ მე აქედან ცოცხალი არ გავიდე. და მერე უკვე მზად ვარ, გეკამათოთ, დავიცვა ჩემი სიმართლე და ყველაფერი დანარჩენი“.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებითვე, არ ითხოვს მადლობას „სიბნელიდან დენის მოყვანისთვის“, იურიდიულ ფაკულტეტზე თხუთმეტი ათასის გადახდის გარეშე ჩაბარებისთვის, პრეზიდენის სტიპენდიით უცხოეთში განათლების მიღებისთვის, პენსიის და ხელფასების ათჯერ გაზრდისთვის, სამუშაო ადგილების ორჯერ გაზრდისთვის ან ორასი ახალი კლინიკისთვის:

„მაგრამ, უსამართლობას მე ვერ მივიღებ. შეურაცხყოფას მე ვერ მივიღებ. სააკაშვილთან სიტყვა კორუფციის ხსენებას მე ვერ მივიღებ იმიტომ, რომ მსოფლიო ბანკმა ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა გამოაქვეყნა წიგნი კორუფციის დაძლევაზე რომელიმე ქვეყანაში - მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა მითხრა, რომ ყველა წიგნი იყო კორუფციის პრობლემაზე - და კორუფციის პრობლემის დაძლევა მოახერხა მხოლოდ ერთმა ქვეყანამ მსოფლიოში, ეს იყო საქართველო".

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 2 დეკემბერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით განახლდა მის წინააღმდეგ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა.

პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა ვაცლავ ჰაველის საფლავზე თაიგულის მიტანა, ჯო ბაიდენის გამასპინძლება, საზღვარგარეთ ვიზიტებისას ჯავშნიანი ავტომანქანით სარგებლობა და სხვა მსგავსი ხარჯები.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი საბიუჯეტო თანხებს იყენებდა პირადი და უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა სხვადასხვა, მათ შორის საზღვარგარეთ კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების ხარჯისთვისაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG