Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული საბჭო მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება


ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა ზომები, რომლებიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის და სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ამასთან ევროპული საბჭოს 2 დეკემბრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შიდა სტაბილურობისა და მშვიდობის“ მხარდასაჭერად მშვიდობის ევროპული ფონდის (EPF) ფარგლებში მიღებული ზომები არ ითვალისწინებს გამანადგურებელი საბრძოლო აღჭურვილობის მიწოდებას.

პროგრამის ფარგლებში საქართველო მიიღებს 12,75 მილიონი ევროს დახმარებას, რომელიც „კრიზისული და საგანგებო ვითარების დროს“ შეიარაღებული ძალების სამოქალაქო პერსონალის სამედიცინო და საინჟინრო უზრუნველყოფას მოხმარდება.

მოლდოვა - 7 მილიონი ევროს, ხოლო ყველაზე მეტ 31 მილიონი ევროს დახმარებას „ასოცირებული ტრიოს“ მესამე ქვეყანა - უკრაინა მიიღებს. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების ფარგლებში უკრაინა შეძლებს „საინჟინრო, ლოგისტიკური, სამხედრო-საინჟინრო და მობილური ქვედანაყოფების გაძლიერებას.“

ევროპული საბჭოს ამ განცხადების ფონია მორიგი დაძაბულობა უკრაინასა და რუსეთს შორის და საომარი ვითარების ესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალებსა და პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებს შორის მიმდინარე 7 წლიან შეიარაღებულ კონფლიქტს 13 200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

გაჭიანურებული კონფლიქტები მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენს მოუგვარებელ პრობლემას მოლდოვასა და საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG