Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენმა მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს უკრაინის საზღვრის მახლობლად თავმოყრილი ჯარი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კვლავ მოუწოდა რუსეთს, რომ გაიყვანოს უკრაინის საზღვრის მახლობლად თავმოყრილი სამხედრო ძალა და დიპლომატიური გზებით განმუხტოს რეგიონში შექმნილი დაძაბულობა. მის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის დროს, ენტონი ბლინკენმა გააფრთხილა მოსკოვი, რომ „სერიოზულ ფასად“ დაუჯდება მისი მეზობლის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო აგრესია.

„აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ღრმად არიან შეშფოთებული მტკიცებულებით, რომ რუსეთი გეგმავს მნიშვნელოვან აგრესიულ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ, რაც შიგნიდან უკრაინის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ძალისხმევას და მსხვილმასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს ითვალისწინებს“, - განაცხადა ბლინკენმა სტოკჰოლმში, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

უფრო ადრე თავის გამოსვლაში სერგეი ლავროვმა ნატო დაადანაშაულა სიტუაციის ესკალაციაში რუსეთის საზღვარზე და დასძინა, რომ ალიანსს არ სურს დაძაბულობის განმუხტვა და უარს არ ამბობს თავისი რიგების გაფართოებაზე, რასაც მოსკოვის საფრთხის წყაროდ აღიქვამს.

ეუთოს სამიტს წინ უძღოდა ლატვიაში ჩატარებული ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც ენტონი ბლინკენმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის სამხედრო ოპერაციებზე.

უკრაინა და დასავლეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთმა ათი ათასობით სამხედრო და მძიმე შეიარაღება შეინარჩუნა უკრაინის საზღვართან, მას შემდეგ, რაც დასავლეთ რუსეთში წელს სამხედრო წვრთნები ჩატარდა და გაუგებარია, "გადაწყვეტილი აქვს თუ არა პრეზიდენტ პუტინს შეჭრა".

რუსეთი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის წინააღმდეგ მებრძოლ სეპარატისტებს უჭერს მხარს, უარყოფს თავდასხმის გეგმის ქონას. მოსკოვი უკრაინას და მის დასავლელ მხარდამჭერებს ადანაშაულებს დაძაბულობის ზრდაში და მიუთითებს პროცესებზე, რომლებიც, მისი თქმით, უკრაინის სამხედრო ძალების ზრდას წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG