Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე უვადო კოვიდპასპორტის შესახებ: სამეცნიერო პრაქტიკაში ჩვენ გარკვეულ რისკებს ვხედავთ


ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

უვადო „მწვანე პასპორტის" შესახებ ილაპარაკა „პირველი არხის" ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მან „მწვანე პასპორტის" ვადის გადახედვის შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„რა თქმა უნდა, საქართველოც ზრუნავს იმაზე, რომ ახალი შტამისთვის მზაობა გამოაცხადოს და დამატებითი პრევენციული ღონისძიებები მიიღოს. გუშინ შეიკრიბა კოვიდსაბჭო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედებს. ჩვენი პროფესიონალები და ექსპერტები მოამზადებენ გარკვეულ დასკვნას, რომელსაც ჩვენ სამშაბათს საბჭოზე წარვადგენთ, მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და არ გამოვრიცხავ, რომ მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და ასევე, აღსრულების სხვა მექანიზმებს. შეიძლება, კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტის მოქმედების ვადაც გადაიხედოს. სამეცნიერო პრაქტიკაში ჩვენ გარკვეულ რისკებს ვხედავთ, რომ ეს უვადო იყოს. საბჭოზე წარვადგენთ ამ რისკებს და რისკების გათვალისწინების შემთხვევაში, იმედს ვიტოვებთ, ეს დამატებითი რეკომენდაციები საბჭოს მხრიდან გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

25 ნოემბერს უვადო „მწვანე პასპორტის" შესახებ კი ტიკარაძემ განაცხადა: „ზოგადად, საქართველოსნაირი ქვეყანა მეორე მსოფლიოში არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი „მწვანე პასპორტით“, „უვადო პასპორტით“ და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან. ჩვენ თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არამგონია, რომ ვინმეს ეს უკვირდეს“.

1 დეკემბრიდან, საქართველოში 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები და ასევე უცხო ქვეყნების მოქალაქეები კონკრეტულ დაწესებულებებში დაიშვებიან მხოლოდ ე.წ. მწვანე პასპორტით. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც პირს "მწვანე სტატუსი" მიენიჭება, ეს არის COVID19-ის გადატანა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასეთ პირს სტატუსი ენიჭება მუდმივად.

„მწვანე სტატუსი“ ენიჭება:

  • სრულად ვაქცინირებულ პირს;
  • პირს, რომელსაც აქვს 72-საათიანი მოქმედების PCR ტესტის, ან 24-საათიანი მოქმედების „სწრაფი ტესტის“ უარყოფითი პასუხი;
  • პირს, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

”მწვანე პასპორტით” სარგებლობა აუცილებელია:

  • კვების ობიექტებში;
  • რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში;
  • გასართობ ცენტრებში;
  • კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერასა და მუზეუმებში;
  • საკონცერტო დარბაზებში;
  • სამორინეებსა და სათამაშო ბიზნეს-ობიექტებში;
  • სპა-ცენტრებში;
  • ფიტნეს-დარბაზებში;
  • სასტუმროებში;
  • სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

საბავშვო-გასართობ ცენტრებში „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მოქმედებს მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად მიღება-მიწოდების მიზნით, შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია - CovidPass Georgia და Georgia e-Health.

აპლიკაციით CovidPass Georgia სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს, სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით.

Georgia e-Health-ი გამოიყენება საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში. ამასთან, რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ ამ აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოშიც, იმ დაწესებულებებში შესასვლელად, სადაც "მწვანე პასპორტი" აუცილებელია.

მათთვის, ვინც აპლიკაციის გამოყენებას ვერ შეძლებს, იუსტიციის სახლი გასცემს სრულად ვაქცინაციის დოკუმენტს. ტესტირების დამადასტურებელი ცნობის გამოთხოვა შესაძლებელია შესაბამისი ლაბორატორიიდან. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზის ნომრებია: 1505, 144, 1522.

„მწვანე პასპორტის“ გარეშე ყოფნის შემთხვევაში დაჯარიმდება არა მოქალაქე, არამედ ბიზნესსუბიექტი - ინდივიდუალური მეწარმე 2000 ლარით და იურიდიული პირი - 10 000 ლარით. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ობიექტი დაილუქება. 30 ნოემბერს, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ აღსრულების პროცესში „პირველი დღეები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის" და როგორც ბიზნესსუბიექტებს, ასევე მოქალაქეებს დაეხმარებიან, რომ შეუფერხებლად გადმოწერონ და მიიღონ შესაბამისი სერვისები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG