Accessibility links

site logo site logo

კულტურის მინისტრი ხელოვნების მუზეუმზე: იქნება აღდგენილი!


კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ხელოვნების მუზეუმი, რომელიც წინა ხელისუფლებამ "საშინელ დღეში" ჩააგდო, იქნება აღდგენილი. მან ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე საუბრობდა "რუპორით ხელში", "სამინისტროს კიბეებთან" ამ მუზეუმის მძიმე მდგომარეობაზე და არ აპირებს უპასუხოს მათ, ვინც მაშინ "ბატიბუტს ჭამდა."

„მე ამაზე არ დავკონკრეტდები დიდხანს, რადგან არ ვთვლი საჭიროდ იმ ადამიანების პასუხს, რომლებსაც მაშინ, როდესაც მე ვიდექი ქუჩაში, რუპორით ხელში, კულტურის სამინისტროს კიბეებზე და ვყვიროდი, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი ცუდ დღეშია-თქო, მაშინ ისხდნენ კაბინეტებში, თანამშრომლობდნენ ნაციონალურ მოძრაობასთან და ჭამდნენ ბატიბუტს, ალბათ, არ ვიცი რას. მათთან პოლემიკაში არ შევალ. მოკლედ ვიტყვი, დიახ, ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თქვენ, ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულო ზოგიერთებო, ჩააგდეთ საშინელ დღეში, იქნება აღდგენილი,”- განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრის თქმით, ახლა მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის შემუშავება, რომ შეფასდეს, რა ფორმით არის შესაძლებელი შენობის გადარჩენა და წულუკიანის თქმით, ისინი ამას გააკეთებენ. დეტალები იმის შესახებ, სად გადადის ფონდი ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროცესში ან ვინ არის ჩართული შენობის გადარჩენის სამუშაოებში, მინისტრს არ უთქვამს.

წულუკიანმა გამოსვლისას გააკრიტიკა ეროვნული მუზეუმიც და თქვა, რომ დიდი ალბათობით, დაკარგულია მუზეუმის მხრიდან საელჩოებისთვის გადაცემული ფერწერული ტილოები.

„მე ღიად ვაცხადებ, რომ იმ დიდმა გაერთიანებამ, ვითარცა „საბჭოთა კავშირმა“ არ გაამართლა, არ გაამართლა ეროვნული მუზეუმის მიერ ყველა სხვა მუზეუმის შესრუტვის პოლიტიკამ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო.

ჩვენ ამ მუზეუმებს უნდა მივანიჭოთ იმ ხარისხის ავტონომია, როგორც არის სპორტის მუზეუმი, როგორიც არის საქართველოში ყველაზე დიდი მუზეუმი - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და სხვა მუზეუმები. ფოტომასალაც მაქვს ურწმუნოებისთვის წამოღებული, თუ ასეთები ამ დარბაზში არსებობენ, გაჩვენებთ როგორ იმართებოდა ბოლო 15 წლის მანძილზე ერთი და იგივე ხელმძღვანელების მიერ ეს გაერთიანება, რომელიც რეალურად არის ზოგ შემთხვევაში ლამაზი ფასადი. ამას არც ევროპულ სტანდარტთან აქვს კავშირი და არც რაიმე სხვა ტიპის სამუზეუმო სტანდარტთან.

ჩვენ დღედღეზე ველოდებით სახელმწიფო აუდიტის დასკვნას. ეროვნულ მუზეუმში რამდენიმე ხნის წინ დასრულდა შემოწმება და რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებთ რეკომენდაციებით, რათა გავაუმჯობესოთ და დავნერგოთ კარგი მმართველობა ეროვნულ მუზეუმში. ფონდები მოსაწესრიგებელია და მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. ჩვენ უკვე ვიცით, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული, ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია. შესაბამისად, აქ გამოძიება იქნება დასაწყები, როგორც კი ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდება. ჩეხეთის საელჩო იყო პირველი მერცხალი, რომელმაც ეს ექსპონატები დააბრუნა, რისთვისაც მადლობას ვუხდით. დანარჩენ საელჩოებს მეც და ჩემი კოლეგა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვმუშაობთ, რომ ეს ექსპონატები ეროვნულ გალერეაში და ხელოვნების მუზეუმში დაბრუნდეს. იქნება სხვა დანაკლისებიც, ამის შესახებ ინფორმაციები არსებობს. ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგები მომავალი წლის გაზაფხულზე დაიდება“, - განაცხადა წულუკიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG