Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის ახალ საკრებულოში თავმჯდომარე ვერ აირჩიეს - სხდომა ჩაიშალა


რუსთავის ახალარჩეულმა საკრებულომ, რომლის უფლებამოსილებაც დღეს ცნეს, პირველ სხდომაზე თავმჯდომარის არჩევა ვერ შეძლო.

ვერ ჩამოყალიბდა ფრაქციებიც და სხდომა ჩაიშალა იმის გამო, რომ კვორუმი არ შედგა.

მეშვიდე მოწვევის საკრებულოში 16 წევრი "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს, ამდენივე "ქართულ ოცნებას", ხოლო პარტია "საქართველოსთვის" 3 წევრით არის წარმოდგენილი.

უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, საკრებულოს უხუცესმა წევრმა "ქართული ოცნებიდან", ლიანა ჯღარკავამ, თავმჯდომარის არჩევის საკითხი დასვა.

"ნაციონალური მოძრაობის წევრებმა" უარი თქვეს კანდიდატურის დასახელებაზე, სხდომა დატოვეს და განაცხადეს, რომ დაელოდებოდნენ მეორე ოპოზიციური პარტიის წევრებს, კონსულტაციისთვის.

"ჩვენ სხდომაზევე შევთავაზეთ გახარიას პარტიას, რამდენად იქნებოდნენ მზად, რომ თავმჯდომარის პოსტზე მათი კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, დაგვეხმარებოდნენ ამომრჩევლებისათვის ჩვენს მიერ მიცემული პირობის შესრულებაში", - უთხრა ჟურნალისტებს დარბაზიდან გამოსულმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნინო შატბერაშვილმა. - "ახლა გარეთ ვართ და ველოდებით", - თქვა მან.

ამაზე პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა თქვეს, რომ ისინი კონსულტაციებს ორივე პარტიას ღიად სთავაზობენ.

"თუ ორივე პარტია შეთანხმდება კანდიდატურაზე, ჩვენ მხარს დავუჭერთ, იმ პირობით, რომ გაითვალისწინებენ ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამას, რომელიც ამომრჩეველს მივეცით",- თქვა ნათია შელეგიამ.

ამის მიუხედავად "ქართული ოცნების" დეპუტატებმა თავმჯდომარის თანამდებობაზე დაასახელეს თავისი კანდიდატი - მამუკა რეხვიაშვილი.

ხოლო პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატებმა ნოდარ შეროზიას კანდიდატურა დაასახელეს.

კენჭისყრის შედეგად, მამუკა რეხვიაშვილმა 16 ხმა მიიღო, ნოდარ შეროზიამ კი - 3.

რეგლამენტით, თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის 2/3. რუსთავის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად 22 წევრის მხარდაჭერა იყო საჭირო.

კენჭისყრის შემდეგ, პარტიის "საქართველოსთვის" წევრებმა უარი თქვეს საკრებულოს მუშაობაში შემდგომ მონაწილეობაზე და სხდომა დატოვეს.

"თქვენ ჩვენს გარეშე მიიღეთ ახალი ბიუჯეტი. 2022 წლის ბიუჯეტი რომ ახალ საკრებულოს დაემტკიცებინა და ჩვენი წინადადებებისთვის მხარი დაგეჭირათ, თავმჯდომარეობაზეც შევთანხმდებოდით", - მიმართა ნოდარ შეროზიამ საკრებულოს წევრებს "ქართული ოცნებიდან".

კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლილი სხდომის შემდეგ, საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" მარი ლიპარტელიანმა "ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციულ მოქმედებაში დაადანაშაულა.

"ისინი არ სცემენ პატივს საკუთარ ამომრჩეველს. ქალაქს სჭირდება სტაბილურობა და ეფექტური მმართველობა, რის წინააღმდეგიც ნაციონალური მოძრაობაა",- თქვა მარი ლიპარტელიანმა.

საკრებულოს მომავალი სხდომა ერთ კვირაში გაიმართება.

დღეიდან, 3 დეკემბრიდან, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოები.

2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც "ქართულ ოცნებაში" უარყოფენ.

საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG