Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს - ისინი საძოვრების გასხვისების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

მათ აქცია ათი დღის წინაც გამართეს და ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადეს.

მაშინ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ადგილობრივებს შეჰპირდნენ, რომ პრობლემას 10 დღეში მოუგვარებდნენ.

ვადის გასვლის შემდეგ ზეღდულეთელები ისევ აქციაზე გამოვიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ამ დროის განმავლობაში ვითარება არ შეცვლილა და მიწის მფლობელები საძოვრების გადახვნას ისევ ცდილობენ.

ზეღდულეთის საძოვრები წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში უცხოელ ინვესტორზე გასხვისდა, თუმცა ის ადგილობრივების წინააღმდეგობას წააწყდა და მიწა გაყიდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ახალი ინვესტორები „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაკავშირებული.

მოსახლეობა საძოვრების დაბრუნებას ითხოვს, რომელსაც ამჟამად კერძო მფლობელები ამუშავებენ. წინა აქციაზე მათ ტრაქტორისტებს მიწის მოხვნის საშუალება არ მისცეს.

ზეღდულეთში დაახლოებით 75 ჰა მიწა 2009 წელს გაიყიდა. ეს მიწები ჯერ თამაზ მღებრიშვილმა იყიდა, რომელმაც 2011 წელს ის ინდურ კომპანიას „ფუდლენდს“ მიჰყიდა.

„ფუდლენდმა“ მიწის დამუშავება, სწორედ, საპროტესტო ტალღის გამო ვერ შეძლო. ამ კომპანიამ ეს მიწის ნაკვეთები ნაწილ-ნაწილ, 2021 წელს კომპანია „ელგრანდს“ (ხელმძღვანელი კახა შავდათუაშვილი) მიჰყიდა.

ამჟამად სოფელში პოლიციის დანაყოფები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც მოსახლეობას ავტობანისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. გორის მერი მათ ისევ ჰპირდება, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობს და მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG