Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუდიტის სამსახური: იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალი არ არის ექსპლუატაციაში მიღებული


აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალი ამ დრომდე არ არის ექსპლუატაციაში მიღებული.

ამის შესახებ აღნიშნულია აუდიტის სამსახურის იუსტიციის სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის ანგარიშის სარეკომენდაციო წერილში, რომელიც 3 დეკემბერს, უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც წერილში ვკითხულობთ, მიზეზი, რის გამოც იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალი არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, არის მშენებლობის შეთანხმებულ პროექტთან შეუსაბამობა:

„იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალი, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად 2012 წლიდან ფუნქციონირებს, არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. არ არის აღმოფხვრილი შენობის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა ხარვეზი".

აუდიტის სამსახური იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს:

"შენობის ექსპლუატაციაში მიღების პრობლემის აღმოფხვრის, ფაქტობრივ სარგებლობასთან და სწორად აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, იუსტიციის სახლმა შეადგინოს დროში გაწერილი გეგმა იუსტიციის სახლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა ხარვეზის/ნაკლოვანების იდენტიფიცირებისა და გამოსწორების მიზნით“.

თბილისის იუსტიციის სახლი 2012 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.

იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუკსასის პროექტით შექმნილი ნაგებობის საერთო ფართობი 32.000 კვადრატული მეტრია.

2013 წელს, იუსტიციის სახლის შენობის სახურავის ნაწილი ძლიერი ქარის შედეგად ჩამოინგრა. შენობაში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საექსპერტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, შენობის დიზაინის ხარჯების გამოკლებით, იუსტიციის სახლის მშენებლობა ჯამში დაახლოებით 126,5 მილიონი ლარი დაჯდა. მშენებლობის შესყიდვა პირდაპირი შესყიდვის წესით მოხდა, ანუ კონტრაქტი მშენებელ კომპანიებთან პირდაპირ, ტენდერის გარეშე გაფორმდა სამოქალაქო რეესტრის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული ბანკის მიერ ელექტრონული შესყიდვების კონკურენტული და ღია პროცედურებისათვის გვერდის ავლით.

XS
SM
MD
LG