Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: პრეზიდენტისთვის შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლო შევასრულე


ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, მან შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლო რიტუალი შეასრულა:

„გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. მისი [მიხეილ სააკაშვილის] თხოვნა იყო, რომ შემესრულებინა მისთვის მეექვსე საიდუმლოება, ზეთის კურთხევის საიდუმლო. ეს არის ლოცვები, რომლის წასაკითხად მე პირადად ორი საათი მჭირდება. შევასრულე შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლო, რომლის დროსაც ადამიანის ფიზიკური განკურნებაც ხდება და ამბობენ, რომ ასეთ დროს ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება. მე ღრმად მწამს, რომ ძალიან კარგად იმოქმედებს ეს მის ჯანმრთელობაზე, რადგან ბევრი ექიმისგან გამიგია, მაშინაც კი თუ პაციენტი არ არის კონტაქტური, მაშინაც კი თუ ექიმი არ არის მორწმუნე. როდესაც ეს საიდუმლოება განსაკუთრებით რეანიმაციაში სრულდება ხოლმე ყოველთვის იყო შედეგი და ამან მე ჩემი რწმენა გამიძლიერა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მისთვის ეს საიდუმლოება შემესრულებინა“.

მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ის არ აკეთებს კომენტარს საპატრიარქოს იმ კრიტიკაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან მის წინა ვიზიტებს მოჰყვა:

„მე ვარ მიტროპოლიტი და ყოველ ჩემ სამღვდელო მოქმედებაზე ლოცვა-კურთხევა არ შედის ჩემს მოვალეობაში. მე თავის დროზე პატრიარქთან შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მისგან მივიღე ლოცვა-კურთხევა, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა წესების შესრულების უფლებაც მაქვს“.

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მესამედ მოინახულა.

პირველად ის ექსპრეზიდენტს 13 ოქტომბერს შეხვდა. 8 ნოემბერს კი მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში აზიარა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობდა. შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG