Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი განაგრძობს 5 ივლისის საქმეებზე ზედამხედველობას


ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა 2021 წლის 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირის იდენტიფიცირებისა და დასჯისკენ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“(საია) მიერ დღეს, 6 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გასულ კვირაში გამართულ შეხვედრაზე განიხილა იდენტობის ჯგუფის საქმეთა აღსრულების მდგომარეობა. განხილვამდე, 2021 წლის 18 ნოემბერს, საიას წარმომადგენელმა მინისტრთა კომიტეტს წერილობითი მოსაზრებების წარდგენასთან ერთად გააცნო იდენტობის ჯგუფის საქმეთა აღსრულების მდგომარეობა და დამატებით მიმოიხილა 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები.

არასამთავრობო ორგანიზაციამ მინისტრთა კომიტეტს მიმართა, საქმეების განხილვა გაძლიერებული ზედამხედველობით გაეგრძელებინა. საიას ინფორმაციით, 2 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, მინისტრთა კომიტეტმა არ დახურა იდენტობის ჯგუფის საქმეები, განაგრძო მათზე ზედამხედველობა და სახელმწიფოს მოუწოდა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებისკენ. კერძოდ:

  • კომიტეტი, ხაზს უსვამს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს გაძლიერებული დაცვა სიძულვილით მოტივირებული ძალადობისაგან, და დაიცვას თანასწორობა, პლურალიზმი და ტოლერანტობა, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2021 წლის ივლისის მოვლენებთან („ღირსების მარში“) დაკავშირებით და მოუწოდებს ხელისუფლებას გამოავლინოს მტკიცე პოლიტიკური ნება სიძულვილის დანაშაულთან საბრძოლველად და შეკრების თავისუფლების დასაცავად მკაფიო ნულოვანი ტოლერანტობის გზავნილის უმაღლეს დონეზე გადაცემის გზით;
  • კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ლგბტ თემისა და აქტივისტების მშვიდობიანი შეკრების უფლების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, უსაფრთხოების ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფის გზით და შედეგების შესახებ მოახდინოს კომიტეტის ინფორმირება;
  • კომიტეტი ხაზს უსვამს ჯეროვანი გამოძიებისა და ადეკვატური სანქციების მნიშვნელობას დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ასევე, მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ყველა დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია ზემოაღნიშნულ მოვლენებთან, ასევე წარსულ შეკრებებთან, ეფექტიანად, სწრაფად, ყოვლისმომცველად იქნას გამოძიებული, აღმოფხვრას ნებისმიერი დისკრიმინაციული მოტივი და დაუყოვნებლივ დაიდენტიფიცირდეს და დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობის განხილვას 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება. საია აცხადებს, რომ განაგრძობს ამ ჯგუფის საქმეებზე აღსრულების მდგომარეობის მონიტორინგს და კომიტეტს განახლებულ ინფორმაციას წარუდგენს.

2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლებმა 55 ადამიანზე იძალადეს. მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია. სამართალდამცავებმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ბრალდებებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 30-ზე მეტი პირი. ძალადობის ორგანიზებისთვის დღემდე არავინ დაუკავებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG