Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი დღეს იწყება


დღეს, 7 დეკემბერს, ჟენევაში იწყება საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას თქმით, ქართული მხარე განსახილველ საკითხებად მცოცავ ოკუპაციას, გატაცებებს, ადამიანის უფლებების დარღვევასა და საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებულ ჰუმანიტარულ პრობლემებს დააყენებს.

„გაიმართება წინასწარი შეხვედრები. შეხვედრები გვექნება თანათავმჯდომარეებთან, ამერიკელ პარტნიორებთან, სადაც განვიხილავთ პოზიციებს, რასაც საქართველოს დელეგაცია დააფიქსირებს. როგორც ყველა რაუნდზე, მთავარი საკითხი პირველ რიგში ეს არის 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება რუსეთის მხრიდან მისი შეუსრულებლობა, მეტიც დესტრუქციული მიდგომა მთლიანად მოლაპარაკებათა პროცესში“, - უთხრა ჟენევაში ქართული მედიის წარმომადგენლებს ლაშა დარსალიამ.

წინა 54-ე რაუნდზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართა, ქართულმა მხარემ მთავარ საკითხებად წარმოადგინა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიის პროცესი და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა.

განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 54-ე რაუნდის შემდეგ გამოაქვეყნა, ნათქვამი იყო, რომ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, რუსული მხარის შეთავაზებაა „რომ დაიწყოს საზღვრის დემარკაციის პროცესი საქართველოსა და აფხაზეთსა და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, რასაც მოჰყვება დემარკაცია. ამაში მოსკოვს აქტიურად უჭერენ მხარს სოხუმი და ცხინვალი".

ჟენევაში მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი 7-8 დეკემბერს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG