მაშველებმა 7 დეკემბერს კიდევ 13 დაღუპული მაღაროელის ცხედარი იპოვეს კემეროვის ოლქში მდებარე „ლისტვიაჟნაიას“ მაღაროში, სადაც 25 ნოემბერს დილით მძლავრი აფეთქება მოხდა.
ამ დროიდან მოყოლებული მიწის ქვეშ სამძებრო სამუშაოებს ასრულებს 83 სამთო-მაშველი, რომლებმაც წუხელ გაიარეს მანამდე გამოუკვლეველი ორი კილომეტრის სიგრძის ღრმული და იპოვეს 13 ცხედარი.
ოლქის ხელმძღვანელობის ცნობით, 7 დეკემბრის დილის მონაცემებით, სამთო-მაშველებმა ჯამში იპოვეს 44 დაღუპულის ცხედარი. მათგან მიწის ზედაპირზე ამოიტანეს 16 ცხედარი. მთლიანობაში დაღუპულად არის მიჩნეული 51 ადამიანი, დაშავდა - 106. დაღუპულების და დაშავებულების კომპენსაციისათვის მაღაროს მფლობელები დაახლოებით 300 მილიონ რუბლს დახარჯავენ.
25 ნოემბრის დილით კუზბასში მდებარე „ლისტვიაჟნაიას“ მაღაროში მოხდა აფეთქება, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. აფეთქების მომენტში მიწის ქვეშ იმყოფებოდა 285 მაღაროელი. მათი ნაწილის ევაკუირება მოხერხდა. მაღაროელთა დაღუპვის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია მაღაროს მთელი ხელმძღვანელობა, ხოლო კუზბასში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.