Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა პუტინთან შეხვედრაზე "ღრმა შეშფოთება" გამოთქვა უკრაინასთან დაკავშირებით


ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი ონლაინსაუბრისას. კოლაჟი.
ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი ონლაინსაუბრისას. კოლაჟი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ აშშ „ღრმად არის შეშფოთებული“ უკრაინის მახლობლად რუსეთის ჯარების თავმოყრით და პირობა დადო, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები „ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ შესაძლო სამხედრო ესკალაციას.“

ამის თაობაზე თეთრმა სახლმა განაცხადა 7 დეკემბერს, ორ ლიდერს შორის ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ. ეს აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების მესამე პირდაპირი მოლაპარაკებები იყო მას შემდეგ, რაც ბაიდენმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა მიმდინარე წლის იანვარში.

კრემლს ჯერჯერობით არ გაუკეთებია შეხვედრის თაობაზე კომენტარი.

ვაშინგტონის მიზანია, არ დაუშვას უკრაინაში რუსეთის შეჭრა, კრემლი კი ცდილობს, გარანტიები მოიპოვოს, რომ უკრაინა არასოდეს გახდება ნატოს წევრი. პუტინმა არაერთხელ უწოდა ნატოს გაფართოებას ან უკრაინაში შეტევითი რაკეტების განთავსებას „წითელი ხაზი“.

მოსკოვის ულტიმატუმების თაობაზე ბაიდენმა თქვა, რომ ის „არავის წითელ ხაზს“ არ შეეგუება.

ვიდეოზე, რომელიც კრემლმა გამოაქვეყნა შეხვედრის დასაწყისში, ჩანს, როგორ იღიმება და ესალმება ერთმანეთს ორი ლიდერი ონლაინ საუბრისას.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის გარშემო რუსეთის ჯარების ესკალაციის გამო და მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ შესაძლო სამხედრო ესკალაციას“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. „პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ გაიმეორა, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გამოვიდა დეესკალაციისა და დიპლომატიასთან დაბრუნების მოწოდებით", - დასძენს თეთრი სახლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG