Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისპეტჩერმა ახსნა, რომ Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დასმა კგბ-ს ოპერაცია იყო

ავიადისპეტჩერმა, რომელმაც მაისში საგანგებო ვითარებაში დასვა კომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში, ჩვენება მისცა პოლონეთის ხელისუფლებას. თვითმფრინავში ბელარუსელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა იმყოფებოდნენ.

როგორც The New York Times-ი იტყობინება ევროპული სპეცსამსახურების წყაროებზე დაყრდნობით, დისპეტჩერმა ოლეგ გალეგოვმა ჯერ კიდევ ზაფხულში გადაკვეთა არალეგალურად ბელარუს-პოლონეთის საზღვარი. ვარშავაში ის დაუკავშირდა აშშ-ის საელჩოს, მაგრამ იქ უთხრეს, რომ პოლონეთის ხელისუფლებისთვის მიემართა. პოლონეთის ხელისუფლებას ავიადისპეტჩერი მოუყვა, რომ თვითმფრინავი, რომელშიც პრატასევიჩი და საპეგა იმყოფებოდნენ, იძულებით დასვეს მინსკში ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოპერაციის შედეგად. მისი სიტყვებით, ინციდენტის მომენტში ავიასადისპეტჩერო სამსახურზე კონტროლი კგბ-ს თანამშრომელმა აიღო ხელში.

The New York Times-ის თანახმად, ავიადისპეტჩერმა უკვე დატოვა პოლონეთი. მის ადგილსამყოფელს არ აზუსტებენ.

23 მაისს ბელარუსის ხელისუფლებამ ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში ახორციელებდა რეისს, აიძულა, დამჯდარიყო მინსკში. საპეგა და პრატასევიჩი, რომლებიც თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, დააკავეს და შემდეგ დააპატიმრეს. მათ მასობრივი არეულობების ორგანიზებაში დასდეს ბრალი. ივნისში, მას შემდეგ, რაც ბელარუსის ტელევიზიით რამდენჯერმე აჩვენეს პრატასევიჩის გამოსვლები, რომლებშიც ის ოპოზიციას აკრიტიკებდა, ის და საპეგა წინასწარი დაკავების საკნებიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. პრატასევიჩის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.

XS
SM
MD
LG