Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: ნატოში უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ კიევისა და ნატოს გადასაწყვეტია


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ბუქარესტის ცხრიანის“, ანუ ნატოს აღმოსალეთის ფლანგის ქვეყნების ლიდერებთან გამართა მოლაპარაკებები და მათთან ერთად განიხილა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი ვითარება.

აშშ-ის პრეზიდენტისა და ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ლიდერების მსჯელობის საგანი იყო „რუსეთის მიერ უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალის თავმოყრა, რაც დესტაბილიზაციას იწვევს, და ნატოს ერთიანი, მომზადებული და მტკიცე პოზიცია მოკავშირეთა კოლექტიური დაცვის თვალსაზრისით,“ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ხუთშაბათს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება, რასაც მკვეთრად ეწინააღმდეგება მოსკოვი, მხოლოდ და მხოლოდ თავად უკრაინისა და ნატოს საქმეა.

მაგრამ, როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ თქვა, არსებობს გარკვეული მოთხოვნები რიგ საკითხებში, მათ შორისაა კორუფცია და სხვა პუნქტები.

მანამდე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პარასკევს, 10 დეკემბერს აპირებს გამოაცხადოს შეხვედრის შესახებ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთი და ნატოში აშშ-ის ოთხი მოკავშირე. რომელ ქვეყნებზეა ლაპარაკი, არ დაუზუსტებიათ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის მიზანია, ისაუბრონ რუსეთის წუხილზე ნატოს გაფართოების თაობაზე და შეთანხმებების მიღწევაზე, რომლებიც რეგიონში დაძაბულობის შემცირებას შეუწყობდა ხელს.

როგორც Bloomberg-ი წერს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის დიპლომატზე დაყრდნობით, რეგიონის ერთ-ერთი ქვეყნის ხელისუფლება „განრისხდა“ და ახსნა-განმარტებას მოითხოვს, რას გეგმავს აშშ.

ნატოს ზოგიერთი წევრი დიპლომატიურ დათმობად მიიჩნევს ბაიდენის მზადყოფნას, დიალოგი აწარმოოს რუსეთთან. სააგენტოს წყაროს თქმით, წარსულში ეს სახელმწიფოები სსრკ-ს გავლენის ქვეშ იყვნენ, დღეს კი „აგრესიული რუსეთის“ მეზობლები არიან.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს ნატოს საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება. მისი სიტყვებით, მოსკოვს მუქარითა და სამხედრო ძალით ზეწოლით სურს, „გავლენის სფეროებად დაყოს ევროპა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG