Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილმა მიმართა ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტს


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

დემოკრატიის ვირტუალურ სამიტს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინიციატივით იმართება, სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტი აერთიანებს მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის ლიდერებს დემოკრატიის განახლებისა და მის წინააღმდეგ არსებული საფრთხეების დასაძლევად.

ვირტუალურ სამიტში ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.

სალომე ზურაბიშვილმა მიმართვის დასაწყისში აღნიშნა, რომ ეს მართლაც დროული ინიციატივაა, ვინაიდან დემოკრატია დღეს საგულისხმო გამოწვევებისა და ახალი საფრთხეების წინაშე დგას, იმდენად, რომ შეიძლება ითქვას, დემოკრატიის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული. „ომი, რომელსაც ჩვენ ყველა მეტი პოლიტიკური ნებითა და მიზანდასახულობით, ჩვენი საზოგადოებების მეტი კონსენსუსითა და ერებს შორის მეტი სოლიდარობით უნდა დავუპირისპირდეთ“, - აცხადებს ის.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, ყოველდღიურად დემოკრატიებს მთელ მსოფლიოში ისეთ მნიშვნელოვან საფრთხეებთან გამკლავება უწევთ, რომლებიც ქვეყნის პროგრესს ემუქრებიან, იმით, რომ უპირისპირდებიან კანონზე დამყარებულ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგს:

  • გადაუჭრელი კონფლიქტები, სამხედრო შეჯახებები, ტერიტორიული დავები, ოკუპაცია და გაყინული კონფლიქტები ხელს უშლის დემოკრატიზაციის პროცესს, უპირისპირდება საერთაშორისო წესრიგს, მშვიდობასა და სტაბილურობას.
  • დამატებით, ახალი და არატრადიციული საფრთხეები აღმოცენდა, რომელთა სამიზნე, პირველ ყოვლისა, დემოკრატიული ინსტიტუტებია. დემოკრატიებს მთელს მსოფლიოში ახლა ომის ჰიბრიდული მეთოდების საფრთხე ემუქრება, მათ შორის კიბერთავდასხმები და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, მიზანმიმართული ეკონომიკური ზეწოლა და იძულება.
  • ახალი საფრთხე, როგორიცაა COVID-19-ის პანდემია, ასევე გამოწვევაა დემოკრატიების უნარისათვის, იპოვონ სწორი ბალანსი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვასა და ინდივიდუალური თავისუფლების შენარჩუნებას შორის.
  • დაბოლოს, ის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: დემოკრატიებს შიგნიდანაც აყენებენ დარტყმას. პოლარიზაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის ენა არამხოლოდ აღვივებს შიდა დაპირისპირებას, არამედ არყევს საჯარო ინსტიტუტებს და დემოკრატიულ პროცესებს, მათ შორის, დემოკრატიის ორი საყრდენის: არჩევნებსა და მედიასაშუალებების ნდობას.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ყველა ეს საფრთხე სხვადასხვა ხარისხით ეხება. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს (საქართველოს) ტერიტორიის 20%, სადაც ადამიანის უფლებები და დემოკრატია უგულებელყოფილია.

პრეზიდენტის თქმით, როგორც პატარა ქვეყანა, საქართველო კიდევ უფრო დაუცველია ყველა ჰიბრიდული საფრთხისაგან და კიდევ უფრო მეტად სჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა.

ახლო წარსულმა ცხადყო, რომ პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე.

ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის ცხადია, რომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს და წინ წავიდეს მის მიერ 30 წლის წინ არჩეულ გზაზე, რომელმაც, ზურაბიშვილის შეფასებით, დემოკრატიის, სტაბილურობისა და პროგრესისკენ სვლის არაერთი სიძნელე გადაალახვინა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის ეს გზა წარმატებული იყო და ის NATO-ს სანდო პარტნიორი და ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი გახადა. შესაბამისად, როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობამ აიღო ისეთი ვალდებულებები, როგორებიცაა:

  • სასამართლო და საარჩევნო რეფორმის შემდგომი განხორციელება ინკლუზიური პროცესის მეშვეობით.
  • ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგიის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეროვნული კონცეფციის დოკუმენტის მიღება.

„ეს ნაბიჯები მნიშვნელოვანია. ველი მომავალ წელს მათ შესახებ ანგარიშის წარმოდგენას, რადგან ისინი ასახავს დემოკრატიული კონსოლიდაციისადმი საქართველოს ისტორიულ ვალდებულებას.

თუმცა ამ ვალდებულებების შესრულება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ისინი, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ არ ვიპოვით იმ პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყანა, და ჩვენ არ ვართ გამონაკლისი“, - თქვა მან.

ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, „საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG