Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირმა გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინაში შეჭრას შედეგები მოჰყვება


ურზულა ფონ დერ ლაიენი
ურზულა ფონ დერ ლაიენი

ევროპის კავშირმა გააფრთხილა რუსეთი, რომ თუკი უკრაინაში შეიჭრება, ამას შედეგები მოჰყვება. გერმანია და საფრანგეთი გამოვიდნენ მოწოდებით, მოლაპარაკებები გაიმართოს დაძაბულობის გასანელებლად მაშინ, როცა სულ უფრო იზრდება შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების თავმოყრის გამო.

ევროკავშირის ლიდერების განცხადებები მნიშვნელოვანწილად იმეორებს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისას, რომელმაც რუსეთი გააფრთხილა, რომ „ძლიერ“ დამსჯელ ზომებს მიიღებს თუკი მოსკოვი უკრაინას შეუტევს. ამავე დროს მან ინტერესი გამოხატა, განახლდეს დიპლომატიური ძალისხმევა შვიდწლიანი ომის თაობაზე აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში.

„აგრესიას თავისი ფასი უნდა ჰქონდეს, ამიტომაც ამას წინასწარ ვატყობინებთ რუსეთს, განაცხადა ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 10 დეკემბერს, გერმანიის ახალ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი საჯაროდ არ გამოაცხადებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში „ეკონომიკურ და ფინანსურ სექტორებში რა სანქციები ან სხვა ზომები“ შეიძლება დაწესდეს.

„ძალიან ნათელია, რომ გერმანიის, ევროპის კავშირისა და ბევრი სხვა ქვეყნის მხრიდან იქნება რეაქცია, თუკი საზღვრის დარღვევა მოხდება,“ თქვა შოლცმა.

დღესვე, პარიზში ვიზიტისას, შოლცი გამოვიდა მოწოდებით, აღდგეს ნორმანდიის მოლაპარაკებების ფორმატი, რომელშიც გერმანია და საფრანგეთი უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობენ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

დონბასის კონფლიქტს 2014 წლიდან დღემდე 13200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთი აცხადებს, რომ კიევი არ ასრულებს 2014 და 2015 წლების მინსკის შეთანხმებებს, რომლებიც ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG