Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: სიურპრიზებით აღსავსე დღეები და კვირები გველის წინ


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ 21 დეკემბერს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც ექსპრეზიდენტის წერილშია ნათქვამი, აქცია მისთვის პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, აღნიშნავს, რომ ნიკა მელიაზე თავდასხმები „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესშია.

„ახლა კონსოლიდაციით მრავალრიცხოვნება და გადამწყვეტი ნაბიჯები ქვეყნის და მათ შორის ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი სწორი გზაა.

მე კარგად ვხედავ, რომ სუს-ი ცდილობს დანერგოს უნდობლობა და განხეთქილების ილუზია შექმნას. „ნაციონალურ მოძრაობასა" და ნიკა მელიაზე თავდასხმები მხოლოდ ივანიშვილისა და სუს-ისთვის სასარგებლო სამსახურია.

მათთვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავისი 1 მილიონი მხარდაჭერით არის მძარცველთა ბანდის ბოგინის გარდაუვალი დასასრული. ამიტომ ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ ლიდერშიპის გარშემო 21-ში და შემდგომ დღეებში და ასევე, დავდგეთ საერთო პლატფორმაზე ყველა სხვა, დიდ თუ პატარა ჯგუფთან და აქტიურ მოქალაქესთან ერთად.

ივანიშვილის ხრიკები ამჯერად ვერ იმუშავებს. ძალიან აქტიური და სიურპრიზებით აღსავსე დღეები და კვირები გველის წინ. წინანდალში ცოტა ნაადრევად მოუწიათ ბიჭებს ზეიმი!", - წერს სააკაშვილი.

21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG