Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ გამოიტანა განაჩენი 12 ჩემოდანი კოკაინის საქმეზე, რომელიც არგენტინაში რუსეთის საელჩოში აღმოჩნდა

ანდრეი კოვალჩუკი, კოკაინის კონტრაბანდის საქმის მთავარი ბრალდებული.
ანდრეი კოვალჩუკი, კოკაინის კონტრაბანდის საქმის მთავარი ბრალდებული.

მოსკოვის სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ 13 დეკემბერს გამოიტანა განაჩენი 12 ჩემოდანი კოკაინის საქმეზე, რომელიც 2018 წლის დეკემბერში არგენტინაში რუსეთის საელჩოს კუთვნილ სკოლაში აღმოჩნდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ოთხი განსასჯელი: ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სავარაუდო მეთაური ანდრეი კოვალჩუკი, არგენტინაში რუსეთის საელჩოს სამეურნეო ნაწილის უფროსი ალი აიანოვი და ასევე მეწარმეები - ვლადიმერ კალმიკოვი და იშტიმირ ხუჯამოვი.

ბრალდების ვერსიით, მსჯავრდებულებმა შეიძინეს და რუსეთის საელჩოს სკოლაში ინახავდნენ ევროპაში გასატანად გამზადებულ დაახლოებით 400 კგ კოკაინს. ორგანიზებული ჯგუფის განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკის კონტრაბანდისა და გასაღების მცდელობისთვის საქმეში მონაწილე პირებს 25 წლამდე პატიმრობა ელოდებათ.

არგენტინის ხელისუფლებამ 2018 წლის თებერვალში განაცხადა, რომ რუსეთის საელჩოსთან არსებულ სკოლაში აღმოაჩინეს 400 კილოგრამამდე კოკაინით სავსე 12 ჩემოდანი. იგი დიპლომატიურ ტვირთად იყო დარეგისტრირებული. ნარკოტრაფიკთან დაკავშირებული პირების დადგენის მიზნით, კოკაინი ფქვილით შეცვალეს და მოსკოვში გააგზავნეს.

როგორც საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, ტვირთის გადასატანად გამოიყენეს სპეციალური თვითმფრინავი „Poccuя“, რომლითაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი დაფრინავს. უწყებაში ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს, თუმცა არგენტინის პოლიციამ ინფორმაციის მტკიცებულებად თვითმფრინავის სურათები წარადგინა.

ეგრეთ წოდებული „კოკაინის საქმეზე“ 6 ადამიანი დააკავეს. ჯგუფის სავარაუდო ორგანიზატორი ანდრეი კოვალჩიუკი გერმანიაში დააპატიმრეს, 2019 წლის ივლისის ბოლოს კი რუსეთს გადასცეს.

მოგვიანებით ნარკოტიკები კრემატორიუმში გაანადგურეს. პროცედურას არგენტინის მაშინდელი უშიშროების მინისტრი და არგენტინაში რუსეთის ელჩი ადევნებდნენ თვალს.

XS
SM
MD
LG