Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზილფიმიანი: შერიგება შესაძლებელი იქნება, თუ ენმ უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე


პარლამენტის დეპუტატი "ევროპული სოციალისტებიდან" დავით ზილფიმიანი ამბობს, რომ ამ მოცემულობაში საყოველთაო შერიგება შეუძლებელია. მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვას მომდევნო არჩევნებში მონაწილეობაზე. ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა.

"[საყოველთაო შერიგება] მიმაჩნია, რომ არის ფარსი. რას ნიშნავს "შერიგება"? ყველა ჩამოვყალიბდით რაღაც გარემოში - შერიგება ხდება მაშინ, როდესაც შენ მინიმუმ რაღაცას, რაც წამართვი, მომპარე, დამინგრიე, იმას დამიბრუნებ, მერე მოინანიებ, ბოდიშს მომიხდი, ხელს გამომიშვერ და შეიძლება ჩამოგართვა ხელი...

შერიგების ერთადერთი ფორმულა ზილფიმიანმა [მან] დადო ერთი თვის წინ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ მორატორიუმი გამოაცხადოს პირველივე არჩევნებზე "ნაციონალურმა მოძრაობამ", უარი განაცხადოს არჩევნებში მონაწილეობაზე. ამ შემთხვევაში მივიღებთ, რომ მათი დეკლარირებული პოზიცია, რომ ქვეყნისთვის კარგი - კოალიციური მთავრობა უნდათ, ეს დამტკიცდება", - თქვა ზილფიმიანმა.

შერიგების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის საყოველთაო შერიგებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბრის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა საქართველოს სასამართლოების მიერ ორჯერ გასამართლებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ის სამართალდამცავებმა დააკავეს. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საყოველთაო შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზია. მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, პოლიტიკოსების შერიგება დღეს შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ამ აზრს არ იზიარებს, "რადგან ქვეყანაში ღირებულებათა შეუთანხმებლობაა".

6 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის საშუალებით მორიგი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება. ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად კი სააკაშვილი "ეროვნულ შერიგებას" ასახელებდა.

"დიდი შერიგების" იდეით სააკაშვილი თავდაპირველად ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოვიდა.

14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებს გააცნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი, რომელშიც ის წერდა, რომ "აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე“.

"ქართული ოცნების" ლიდერები სააკაშვილის შეთავაზებული შერიგების საფუძვლებს ვერ ხედავენ, რადგან ამას მლიქვნელობად და რეალური გეგმების შეფუთვად აფასებენ.

XS
SM
MD
LG