Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის სასამართლომ ვადიმ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის


ვადიმ კრასიკოვი
ვადიმ კრასიკოვი

გერმანიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელსაც ბრალად ედება ზელიმხან (თორნიკე) ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში. პროკურორების აზრით, მას მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურებმა დაუკვეთეს.

გამოძიების თანახმად, კრასიკოვი ხანგოშვილს, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, 2019 წლის 23 აგვისტოს ველოსიპედით მიუახლოვდა ბერლინის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში და მაყუჩიანი პისტოლეტი ესროლა. როცა 40 წლის მსხვერპლი დაეცა და უძრავად იწვა მიწაზე, კრასიკოვმა მას კეფაში ესროლა და გაიქცა. მკვლელობაში ბრალდებული მალე დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მოწმეებმა დაინახეს, როგორ იცვლიდა ის ბუჩქებში ტანსაცმელს.

„არაუგვიანეს 2019 წლის ივნისისა, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებმა გადაწყვიტეს თორნიკე ხანგოშვილის მოკვლა ბერლინში“, - განაცხადა მოსამართლემ 15 დეკემბრის სხდომაზე. „ოთხმა შვილმა დაკარგა მამა, ორმა ადამიანმა - ძმა“, - დასძინა მან.

„ზოგიერთი მედიასაშუალების თანახმად, ხდება რუსეთის ან თავად [რუსეთის პრეზიდენტ] ვლადიმირ პუტინის გასამართლება. მაგრამ ეს არ არის სწორი: ბრალდებულის სკამზე მხოლოდ სასჯელმისჯილია. თუმცა ჩვენს ამოცანაში ასევე შედის, გავითვალისწინოთ დანაშაულის გარემოებები“, - აღნიშნა მოსამართლემ.

გამოცემა The Insider-მა, დამოუკიდებელმა ჯგუფმა Bellingcat-მა და ჟურნალმა Der Spiegel-მა მოახერხეს დაედგინათ, რომ ხანგოშვილის მკვლელი არის ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ფსბ-ს სპეციალურ ქვედანაყოფ „ვიმპელში“ მსახურობდა. როგორც გამომძიებლები აღნიშნავენ, მას ასევე ბრალი მიუძღვის რუსეთში ორი ბიზნესმენის შეკვეთილ მკვლელობებში.

კრასიკოვი გერმანიაში ჩავიდა პასპორტით, რომელიც ვადიმ სოკოლოვის სახელზე იყო გაცემული. ის ხანგოშვილის მკვლელობიდან ცოტა ხანში დააკავეს.

მიმდინარე წლის აგვისტოში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის სასამართლო პროცესის ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე გამოვიდა ბრალდების მოწმე, რომელიც ბრალდებულის ახლო ნათესავია. მან არა მხოლოდ ამოიცნო კრასიკოვი, არამედ ჩვენება მისცა იმის შესახებ, რომ ის ადრე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფში მსახურობდა.

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოკლული იყო მოსკოვის მეტროში მოწყობილი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოგვიანებთ მას უკავშირებდნენ ბესლანში სკოლის ხელში ჩაგდებას. პუტინის თქმით, ბერლინში მომხდარი მკვლელობა „ბანდიტური გარჩევის“ შედეგი უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG