Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა


საქართველო პარლამენტის შენობაში "ქართული ოცნებისა" და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შესახებ, რომელიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სამუშაო ოთახში შედგა, ინფორმაცია მედიისთვის უცნობი იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ მსჯელობის ერთადერთი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

"თებერვალში იქნება ძირეული მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ალბათ, ყველა საკუთარ პოზიციას ჩამოაყალიბებს ამ პერიოდისთვის. როგორც გვითხრეს, საარჩევნო 2 პროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ აქვთ", - თქვა გიორგი ვაშაძემ, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მსგავსი კომუნიკაციის სურვილის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერისგან, ბადრი ჯაფარიძისგან შეიტყვეს. მანაც დაადასტურა, რომ საუბრის ერთადერთი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

"[საუბარი იყო] რა მიგვაჩნია სწორად, რა - არ მიგვაჩნია. შეთანხმების პირობებზე ვლაპარაკობდით, რა არ გააკეთეს მათ. მათაც ჰქონდათ აქეთ შენიშვნები..."- განაცხადა, მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მიღებული აქვს. დოკუმენტის მისაღებად ჯამში სამი კენჭისყრაა საჭირო.

დოკუმენტი პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 სექტემბერს მიიღო.

ამ კანონპროექტის მიხედვით:

  • მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი;
  • მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.

საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი უნდა ყოფილიყო ასევე გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, რომელსაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG