Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ჩინეთი შეეცადნენ, გაერთიანებული ფრონტი წარმოეჩინათ დასავლეთის მხრიდან კრიტიკის ფონზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გიგანტურ ტელეეკრანზე პეკინის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში. 15 დეკემბერი.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გიგანტურ ტელეეკრანზე პეკინის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში. 15 დეკემბერი.

რუსეთისა და ჩინეთს ლიდერები შეეცადნენ, გაერთიანებული ფრონტი წარმოეჩინათ იმის ფონზე, რომ ორივე ქვეყანას სულ უფრო და უფრო ეძაბება ურთიერთობები დასავლეთთან.

უკანასკნელ წლებში დასავლეთთან რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობები განუხრელად უარესდება საკითხთა ფართო სპექტრის გარშემო, ამიტომ არცერთი არ მიუწვევიათ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივით გაიმართა გასულ კვირაში.

კრემლმა განაცხადა, რომ 15 დეკემბერს გამართულ ვიდეოშეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს უთხრა, რომ „ჩვენ ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა თანამშრომლობის ახალი მოდელი“, რომელიც მოიცავს „მისწრაფებას, ჩვენი საერთო საზღვარი ვაქციოთ მარადიული მშვიდობისა და კეთილმეზობლობის სარტყლად.“

„ჩემი აზრით, ეს ურთიერთობა სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ნამდვილი მოდელია 21-ე საუკუნეში“, - თქვა პუტინმა.

აშშ და ევროპა ხშირად აკრიტიკებენ ჩინეთს ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის სინძიანის რეგიონში და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვისთვის ჰონგ-კონგში, ასევე ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში მისი მზარდი სამხედრო აქტიურობისთვის.

რუსეთი დასავლეთთან ყოველთვის დაპირისპირებული იყო პოლიტიკური ოპოზიციისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების გამო. უკანასკნელ ხანებში ეს დაპირისპირება უფრო გამწვავდა შეშფოთების გამო, რომელიც გამოწვეულია უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების კონცენტრაციით და შიშით, რომ მოსკოვი მეზობელ ქვეყანაში შესაჭრელად ემზადება.

ჩინეთიც და რუსეთიც უარყოფენ დასავლეთის მხრიდან კრიტიკას.

XS
SM
MD
LG