Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია გამოკითხვაზე დაიბარეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია გამოკითხვაზე დაიბარეს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

როგორც შსს-ში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება“,- აცხადებენ შსს-ში.

ბიძის დაკითხვაზე დაბარების თაობაზე ექსპრეზიდენტმა ფეისბუკ-პოსტში დაწერა:

"გავიგე ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს. ჩემი რჩევა ივანიშვილს - თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც - ჩემი ნათესავებია. ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ ერთი ამერიკელიც (ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა), რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში", - დაწერა სააკაშვილმა.

საქმე ეხება 2018 წლის 25 ოქტომბერს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტუაციის რადიკალიზაციაზე ესაუბრება თავის ბიძას, თემურ ალასანიას. ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, ალასანია ქართველებს მოიხსენიებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ამბობს, რომ მილიონს გადაუხდის „ვინც სნაიპერსკი ვინტოვკით მოკლავს ბიძინას.“ თემურ ალასანიამ და მიხეილ სააკაშვილმა ამ ჩანაწერს უწოდეს ტყუილი და ფაბრიკაცია.

მაშინ, გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა იმჟამად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და თქვა, რომ ავთენტურობის დადგენამდე არ სჯერა ჩანაწერის, რომელშიც, სავარაუდოდ, საუბრობენ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია.

"არც იფიქროთ, გულშიც არ გაივლოთ! რომ წამსვლელები არიან, კი ბატონო, ეჭვს არ იწვევს. მაგრამ თუ ვინმეს რამე შიში და ფიქრიც გაქვთ, არაფრის თავი მაგათ მაგის მსგავსი არ აქვთ. საკუთარი შარვლიდან ხტება ეს საცოდავი“,- განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე ტელეარხს, ვისაც ინტერვიუ მისცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG