Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: „დრო არის, რომ ჩვენ გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ პოლიტიკაზე”


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და წარმომადგენლებს. ღონისძიება მისი სიტყვით გამოსვლით დაიწყო.

„ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მინდა მოგილოცოთ ყველას დამდეგი შობა-ახალი წელი. ამავე დროს, არ დავმალავ, რომ ამას აქვს თავისი მიზანი, რომელიც არის ცოტა ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც ოდენობით მაინც შეიცვალოს ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას დღეს. ამით არაფერი ისეთი ახალი ჯერ არ შემოვა, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი, თუნდაც ეს ერთად დგომა, თუნდაც პოზიტივი არის მე მგონი და პოზიტივად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან ძლიერ განიცდის დღეს უკვე ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, გაუთავებელ დაძაბულობას, რომელმაც ჩაძირა რეალურად ჩვენი ქვეყანა, გააჩერა და პრაქტიკულად არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტა შეგვიძლია დღეს ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე. ამდენად ამ პროცესის დაწყება არის დროული და გეტყვით, რატომ არის დროული. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ 30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო არის 30 წლის, ზრდასრული სახელმწიფო. დრო არის, რომ ჩვენ გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ პოლიტიკაზე, - განაცხადა პრეზიდენტმა და განაგრძო, - მართალი არის, რომ ძალიან ბევრი მოვლენა იყო და ჩვენ გავიარეთ რთული პროცესები, სადაც გამონაკლისი თუ არა, სულ იყო დაპირისპირება, ორი ბანაკი და სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის, რაც გავიარეთ, რაც ვიცით და მე მგონი, არავის არ სურს მისი გამეორება. ეს ფურცლები, რომლებიც ერთად არ გაგვიაზრებია, არის ის, რაც ლოდებად გვაწვება დღეს“.

ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიები მას შემდეგ დაპატიჟა, რაც გამოვიდა შერიგების ინიციატივით. 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

ქვეყანაში შერიგების აუცილებლობასა და ამ პროცესში მის როლზე სალომე ზურაბიშვილმა მცირე კომენტარი "France 24"-თან ინტერვიუშიც გააკეთა.

XS
SM
MD
LG