Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თემურ ალასანია სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა


საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. ამის საჭიროება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მან საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი თქვა.

"[მინდა] გავიგო, რა პრეტენზიები აქვთ, თუ აქვთ საერთოდ... ამის მიხედვით გადავწყვეტთ, ვითანამშრომლოთ თუ არა... არცერთი ჩანაწერი ავთენტური არ არის, მათ ექსპერტიზას მე არ ვენდობი და ამაზე შინაარსობრივ განცხადებას არ გავაკეთებ..." - თქვა თემურ ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვლამდე.

მისი თქმით, არ აპირებს ამ ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა დაიწყო.

"ეს არის პოლიტიკური პიარი, მცდელობა საკმაოდ უხეში, რომ ძირითადი კრიზისული სიტუაციიდან, რაც გამოწვეულია სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური მდგომარეობით და მესამე პრეზიდენტის უკანონო დევნით", - დასძინა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია გამოკითხვაზე დაიბარეს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება“, - განაცხადეს შსს-ში.

საქმე ეხება 2018 წლის 25 ოქტომბერს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტუაციის რადიკალიზაციაზე ესაუბრება თავის ბიძას, თემურ ალასანიას. ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, ალასანია ქართველებს მოიხსენიებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ამბობს, რომ მილიონს გადაუხდის „ვინც სნაიპერსკი ვინტოვკით მოკლავს ბიძინას.“ თემურ ალასანიამ და მიხეილ სააკაშვილმა ამ ჩანაწერს უწოდეს ტყუილი და ფაბრიკაცია.

მაშინ, გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა იმჟამად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და თქვა, რომ ავთენტურობის დადგენამდე არ სჯერა ჩანაწერის, რომელშიც, სავარაუდოდ, საუბრობენ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია.

"არც იფიქროთ, გულშიც არ გაივლოთ! რომ წამსვლელები არიან, კი ბატონო, ეჭვს არ იწვევს. მაგრამ თუ ვინმეს რამე შიში და ფიქრიც გაქვთ, არაფრის თავი მაგათ მაგის მსგავსი არ აქვთ. საკუთარი შარვლიდან ხტება ეს საცოდავი“,- განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე ტელეარხს, რომელთაც ინტერვიუ მისცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG